გელა ნიკოლაიშვილი სააკაშვილზე: მსოფლიომ გაიგო, რომ ეს ადამიანი თვითდაზიანების რეჟიმშია
როდესაც დაიწყო სასამართლო პროცესები, ჩვენ გვახსოვს, გვეუბნებოდნენ, არათუ კვირები და თვეები, არამედ დღეები და საათები წყვეტს სააკაშვილის ყოფნა-არყოფნის საკითხს, – ამის შესახებ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა, გელა ნიკოლაიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„იანვარიც გავიდა, თებერვალიც მოვიდა, 6 თებერვალს გადაწყვეტილება იყო. მერე გვეუბნებოდნენ, რომ სასწრაფოდ უნდა გაასაჩივრონ. ახლა გვეუბნებიან, რომ დღეს-ხვალ გავასაჩივრებთო. ელემენტარულად ბუნებრივია, რომ როდესაც საქმე მიდის სასამართლოში, რაღაც იმედი და არგუმენტები უნდა ჰქონდეთ, მით უმეტეს სტრასბურგის სასამართლოში. ჩვენ როდიდან მოყოლებული გვესმის, რომ მაგალითად, დეკანოზ მამალაძის, ვანო მერაბიშვილის, ნიკა გვარამიას საქმეებზე – სტრასბურგი ამას იტყვის. დღეს იგივე მეორდება. რა უნდა თქვას სტრასბურგმა? როგორც ჩანს, 39-ე მუხლით გაასაჩივრებენ, სადაც სასწრაფო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. უნდა უთხრან, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებაო. დაახლოებით მსგავსი განაცხადი მათ გააკეთეს, როდესაც ახალი დაპატიმრებული იყო და შიმშილობა გამოაცხადა, სტრასბურგმა უთხრა, შეწყვიტე შიმშილობა, მიირთვი საკვები. დაახლოებით იგივე პასუხს გასცემენ ახლაც, რადგან მსოფლიომ გაიგო, რომ ეს ადამიანი თვითდაზიანების რეჟიმშია“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.