“გავა თუ არა გამოძიება სანდრა რულოვსზე?“
რა კორუფციული სქემით ათეთრებდნენ ფულს მერიაში და გავა თუ არა გამოძიება სანდრა რულოვსზე? -ამ სათაურით აქვეყნებს გაზეთი “პრაიმტაიმი“ დღევანდელ ნომერში სტატიას.
გაზეთი, დედაქალაქის მერიის დაქვემდებარებაში არსებული იმ კომპანიების შესახებ წერს, რომელთა ფინანსურ დოკუმენტაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შეისწავლის. კომპანიებს შორის არის „ეროვნული სკრინინგ ცენტრი“, ორგანიზაცია მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის პატრონაჟით 2008 წელს შეიქმნა.
გამოცემის ცნობით, არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ მერია ამ ორგანიზაციას ფულის გარეცხვის მიზნითაც იყენებდა. “ამ ორგანიზაციით სამართალდამცველების დაინტერესება განსაკუთრებით იმ პაციენტებს მოეფინებოდათ გულზე, რომელთაც „სკრინინგ ცენტრში“ კიბოს დიაგნოზი შეცდომით დაუსვეს. ამის თაობაზე „პრაიმტაიმი“ უკვე წერდა… ალბათ, ასეთი დიაგნოზების სიმრავლე გახდა იმ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველიც, რომლის მიხედვითაც ეს ორგანიზაცია აღმოჩენილი დაავადებების რაოდენობის მიხედვით იღებს დაფინანსებას… მეტიც… პრესაში არაერთი რესპონდენტი გამოჩნდა ბოლო წლებში, რომელიც ამტკიცებდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში სწორედ ეს ორგანიზაცია, თითქოს საქველმოქმედო მიზნით, ატარებდა სკრინინგს ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, რომლის შედეგადაც უამრავი ქალი სხვადასხვა ორგანოების გარეშე რჩებოდა. მთხრობელები უფრო შორსაც მიდიოდნენ და ამტკიცებდნენ, რომ შემდეგ ეს ორგანოები, პირველი ლედის ჩარევით, იყიდებოდა კიდეც…
მოდით, გადაუმოწმებელი ინფორმაცია გვერდით გადავდოთ და არსებულ ფაქტს მივუბრუნდეთ: ფაქტია, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დღეს იმ ორგანიზაციაში შევიდა, რომელიც მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის პატრონაჟით 2008 წელს შეიქმნა. არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ მერია ამ ორგანიზაციას ფულის გარეცხვის მიზნითაც იყენებდა. დაკითხავს თუ არა გამოძიება ყოფილ პირველ ლედის, ამას ძიების პროცესი გვიჩვენებს“, – წერს გაზეთი.