ვაკის პარკის საქმეზე დაკავებული 9 პირის საქმის არსებითი განხილვა დღეიდან იწყება
ე.წ ვაკის პარკის საქმეზე დაკავებული 9 პირის საქმის არსებითი განხილვა იწყება.
დღევანდელ პროცესზე მხარეები დამატებით მტკიცებულებებს წარადგენენ.
“გრინსერვის პლუსის” ხელნძღვანელის, ლაშა ფურცხვანიძის უფლებადამცველის თქმით, ისინი დღეს სასამართლოს წარუდგენენ მათი მოთხოვნით ჩატარებული საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც პროექტსა და შესრულებულ სამუშაოს შორის დარღვევის სხვაობა ტრაგედიის მიზეზი ვერ გახდებოდა.
შეგახსენებთ, გასული წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკის ახლად რეაბილიტირებულ შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა. მათგან ერთი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ტრაგედიის საქმეზე 9 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან კომპანია “გრინსერვის პლუსის” ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.
გამოძიება დაკავებულებს ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებას და უხარისხო სამუშაოების შესრულებასაც ედავება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.