წყნარი ოკეანის ნაგვის ლაქა ანუ გიგანტური ნაგვის კუნძული
წარმოიდგინეთ საფრანგეთის ტერიტორია, გაამრავლეთ სამზე და შეავსეთ მიღებული სურათი ნაგვით ბოლომდე. ასე გამოიყურება წყნარი ოკეანის დიდი სანაგვე – ამ ნაგავსაყრელის ზომა მილიონ კვადრატულ კილომეტრს აჭარბებს, რაც უბრალოდ გასაოცარია.
წყნარი ოკეანის დიდი ნაგვის ლაქა ან დიდი ნაგვის კონტინენტი არის უზარმაზარი ტერიტორია წყნარ ოკეანეში, სადაც მილიონობით ტონა პლასტმასის ნარჩენები და ნაგავია დაგროვებული. ის მდებარეობს წყნარი ოკეანის დინების სისტემაში ჰავაის და კალიფორნიას შორის და მოიცავს 1,6 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მეტ ფართობს.
პირველად ნაგვის უცნაური გროვა ღია ზღვაში ოკეანოლოგმა, ჩარლზ მურმა შენიშნა. მისი დამსახურებით, ტერიტორიამ მიიღო მეტსახელი „აღმოსავლეთის ნაგვის კონტინენტი“, რაც პრობლემის სიდიდიდან გამომდინარე, არც ისე შორს არის სიმართლისგან.
ნაგვის დიდი ლაქა ოკეანური დინებების გამო ჩამოყალიბდა, დროთა განმავლობაში გადაგდებულ ნაგავს დინებამ თავი ერთ წერტილში მოუყარა. ნაგვის ლაქის შუა ნაწილში დიდი მორევი გაჩნდა, რომელიც წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილიდან იზიდავს ნაგავს. ასევე, ის არ აძლევს ნაგავს საშუალებას, რომ გარშემო მიმოიფანტოს.
ცოტა ხნის წინა ითვლებოდა, რომ ნაგვის გროვის ძირითად ნაწილს პლასტმასი წარმოადგენდა. მაგრამ, მეცნიერთა ჯგუფმა გაცილებით სიღრმისეული ანალიზი ჩაატარა ამ ნაგვის გროვაზე და აღმოაჩინა, რომ ნაგვის ეს დიდი ლაქა ჩვეულებრივი ნაგავსაყრელისგან მკვეთრად განსხვავდება. ცხადია, აქ ბევრი პლასტმასია, საყოფაცხოვრებო ნარჩენები, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან მცირე ნაწილს წარმოადგენს.