ადვოკატი: მარტვილის მუნიციპალიტეტში დედის მკვლელობისთვის დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხუჩაში დედის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა.
ბრალდებულის ადვოკატის გვანცა შელიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.
“მას წარედგინა ბრალდება, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ, განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში. საქმის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ბრალდების მხარეს საქმის მასალები ჯერ ჩვენთან ჯერ არ გაუცვლია. რაც შეეხება შერაცხადობას, ამას სჭირდება ექსპერტიზის დასკვნა.
თავად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყენებს მისთვის კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას”,- განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხუჩაში მკვლელობა მოხდა. 86 წლის ქალს საკუთარმა შვილმა დაზიანებები მიაყენა, შედეგად, ქალი გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.