მოწმე – ესებუაზე: მანქანიდან გადასვლისთანავე რამდენჯერმე გაისროლა, სამსახურში წავედი და ხელმძღვანელს ვუთხარი, ყაჩაღი მივიყვანე ბანკში-მეთქი

სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა პიროვნებამ გამაჩერა, წინ გადამიდგა, შავი ფერის ნიღაბი ეკეთა, თვალები შავად ჰქონდა შეღებილი, ხელში ავტომატის ტიპის იარაღი ეჭირა, ჩამიჯდა მანქანაში და მითხრა, გზას უყურეო, – ამის შესახებ “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალის ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა მოწმემ, დავით მატუამ განაცხადა.

მისი თქმით, შეიარაღებული მამაკაცი ბანკთან ჩამოვიდა და მაშინვე ცეცხლი გახსნა.

„ახალსოფლიდან ზუგდიდის მიმართულებით ვმოძრაობდი მანქანით, მდინარე ჯუმის ხიდამდე სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა პიროვნებამ გამაჩერა, წინ გადამიდგა, შავი ფერის ნიღაბი ეკეთა, თვალები შავად ჰქონდა შეღებილი, ხელში ავტომატის ტიპის იარაღი ეჭირა, ჩამიჯდა მანქანაში მითხრა გზას უყურეო. როცა მანქანაში ჩავისვი, ვიფიქრე, თანამშრომელია და ოპერაციაზე მიდის-მეთქი. მიმითითა, რომ რუსთაველის ქუჩით წავსულიყავი, მერე ბანკისკენ მიმითითა, კართან მიმაყვანინა მანქანა, გადმოვიდა, ვნახე, რომ ხელში ხელყუმბარა ეკავა, მანქანიდან გადასვლისთანავე რამდენჯერმე გაისროლა. მე სამსახურში წავედი და ხელმძღვანელს ვუთხარი, ყაჩაღი მივიყვანე ბანკში-მეთქი”, – თქვა დავით მატუამ.

შეგახსენებთ, 2020 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და მძევლად 49 მოქალაქე აიყვანა. 2-წლიანი ძებნის შემდეგ, პოლიციამ ბადრი ესებუა წალენჯიხაში სპეცოპერაციის შედეგად დააკავა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები