ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი – „ბაკურიანი 2023“ დასრულდა

ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი – „ბაკურიანი 2023“ დასრულდა. მთელი ჩემპიონატის განმავლობაში სრულად იყო მობილიზებული შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, რომლებმაც უზრუნველყვეს „ბაკურიანი 2023“-ის მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება.

შსს-ს ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები დაბა ბაკურიანში 24 საათის განმავლობაში იცავდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, აგრეთვე, უცხოელი ვიზიტორების, დამსვენებლებისა და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას.
დაცვის პოლიციის თანამშრომლები ჩემპიონატის ღონისძიებების ტერიტორიებზე მყოფი მონაწილეებისა და გულშემატკივრების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ. მოთხილამურე პატრულები სასრიალო ტრასებზე დამსვენებელთა, მათ შორის მოსრიალე ბავშვების უსაფრთხოებას იცავდნენ. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები კი უზრუნველყოფდნენ შეჯიბრებაში მონაწილე სპორტსმენების უსაფრთხო და შეუფერხებელ გადაადგილებას, ასევე, დაწესებული სატრანსპორტო რეგულაციების აღსრულებას. მოთხილამურე პატრულები სასრიალო ტრასებზე დამსვენებელთა უსაფრთხოების დაცვას სათხილამურო სეზონის დასრულებამდე განაგრძობენ.
ასევე, სეზონის ბოლომდე მობილიზებული იქნებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, შესაბამისი ტექნიკითა და აღჭურვილობით, რათა საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ სახანძრო-სამაშველო ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი დანაყოფები კი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები