ჯერ მხოლოდ 14 წლისაა. სწავლობს წმინდა ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის საპატრიარქო სკოლაში. დაამთავრა მუსიკალური სკოლის ექვსწლედი. ხატავს, მღერის, უკრავს ფორტეპიანოზე. – ელენე ლოლაძის პერსონა.
– დიდი ბებო ხატავდა… როგორ გარემოში გაიზარდეთ?
– ჩემს ოჯახში ვართ მშობლები, მე და ჩემი და-ძმა. სასიამოვნოდ მოსაგონებელი და მრავალფეროვანი ბავშვობა მქონდა. სკოლის გარდა დავდიოდი ცეკვისა და ვოკალის წრეებზე.
– როდის დაიწყეთ ხატვა? პირველი ნახატები…
– ხატვა ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ მე-2 კლასში ჩემმა მშობლებმა და მასწავლებლებმა შეამჩნიეს ხატვისადმი ჩემი მიდრეკილება. მონაწილეობა მივიღე სამებაში გამართულ სამხატვრო კონკურსში.
– წმინდა ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის საპატრიარქო სკოლაში სწავლობთ. რატომ ეს სკოლა?
– ამ სკოლაში, გარდა ზოგადი საგნებისა შევისწავლე ხელსაქმე, ვმონაწილეობდი ლაშქრობაში, სკოლაში გამართულ ღონისძიებებში. და რაც მთავარია, უფრო ღრმად გავეცანი ქრისტიანული რელიგიის საფუძვლებს.
– როგორ უთავსებთ ხატვას და სწავლას ერთმანეთს?
– კარგად ვსწავლობ, ამიტომ სახატავად ზოგჯერ დიდი დრო არც მრჩება. არდადეგებზე უფრო ვახერხებ ამ კუთხით თვითგანვითარებას.
– მუსიკალური სკოლის ექვსწლედი დაამთავრეთ… ხატვა თუ მუსიკა, სიმღერა – რომელი უფრო მეტად გიტაცებთ?
– ხატვა და სიმღერა თითქმის ერთნაირად მიტაცებს. მე საესტრადო სიმღერებს ვმღერი.
– ინტერნეტსივრცეში გავრცელდა თქვენი გრაფიკული ნამუშევრები, სახასიათო პორტრეტები…
– ხატვა სიმშვიდეში მიყვარს, მუსიკის თანხლებით. თავდაპირველად პორტრეტს ყოველთვის თვალების დახატვით ვიწყებ, შემდეგ – ცხვირი, პირი, სახის ფორმა, ჩრდილები და ბოლოს თმა. მთლიანობაში 4-5 საათი მაინც მჭირდება ერთი პორტრეტის დასახატავად.
– ფანტაზიით ხატავთ თუ თქვენი პერსონაჟები რეალური ადამიანები არიან?
– შთაგონება ჩემთვის უმთავრესია. ჩემი დახატული პერსონაჟები რეალური ადამიანები არიან.
– პანდემიის დროსაც ხატავდით…
– კოვიდპანდემიის დროს შეიქმნა ჩემი ერთ-ერთი ნახატი, რომელსაც ყველაზე მეტი გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტსივრცეში. ვფიქრობ, ამ პორტრეტის თვალებშიც იგრძნობა იმდროინდელი მძიმე სულიერი განწყობილება.
– ფერებით ხატვას თუ აპირებთ? საყვარელი მხატვრები…
– უახლოეს მომავალში ფერებით ხატვის დაწყებას ვაპირებ. ჩემი საყვარელი მხატვრები არიან: ვან გოგი, ედგარ დეგა, კლოდ მონე, ლეონარდო და ვინჩი და სხვები.
– ჰობი…
– ჩემი ჰობებია: ხატვა, სიმღერა, კითხვა, ფორტეპიანოზე დაკვრა… რაღა თქმა უნდა, ხატვაში განვითარებას ვაპირებ…
თამარ შაიშმელაშვილი