ვანის რაიონის ულამაზეს სოფელ შუამთაში დაიბადა, ბავშვობამ და სიჭაბუკის წლებმაც იქ გაიარა.
11 წლის ასაკში რაიონის კულტურის სახლის დარბაზში შეასრულა მთავარი როლი. სწავლობდა საესტრადო სასწავლებელში. უკრავდა და მღეროდა ფიზკულტურის ინსტიტუტის საესტრადო ანსამბლში.
ოჯახის შექმნის შემდეგ დაუბრუნდა ვანს. იყო ზეინდრის კულტურის სახლის დირექტორი… ერთხანს ვანის კულტურის სახლის ვია „საჩინოს” ხელმძღვანელობდა…
2006 წელს დააარსა ბიჭუნათა ფოლკლორული ტრიო „იმერეთი”, რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია თითქმის ყველა საერთაშორისო თუ რესპუბლიკურ ფესტივალზე. 5 წელია ფოლკლორული ანსამბლის, „შუამთის“ ხელმძღვანელია. ბევრს აკეთებენ ძველი მივიწყებული სიმღერების აღსადგენად…
ანსამბლი ფოლკლორული ფესტივალების ორგზის ლაურეატია. წელს ანსამბლი „შუამთა“ კიდევ ერთხელ გახდა ფოლკლორის ეროვნული ცენტრის ფესტივალის ლაურეატი.
რომ ჰკითხოთ, საიდან დაიწყო სიმღერის სიყვარულიო, ვერ გიპასუხებთ: სიმღერა ჩემში ჩასახლდა და მას შემდეგ წასვლა არც უცდიაო… – ანსამბლ „შუამთის“ ხელმძღვანელის, იური კორძაძის პერსონა.
– შუამთაში, ვანის რაიონის ულამაზეს სოფელში დაიბადეთ….
– შუამთაა ჩემი სამყაროს დასაწყისი. ლამაზი სრულყოფილად ვერ გამოხატავს მის სიმშვენიერეს, ეგზოტიკური, ზეციური, ღვთაებრივი სილამაზისაა.
გალაკტიონის და ტიციანის სახლ-მუზეუმები ჩემგან სამ კილომეტრშია. არქეოლოგიური გათხრები და მსოფლიო დონის საგამოფენო დარბაზი – ხუთ კილომეტრში. კორნელი კეკელიძისა და კალისტრატე ცინცაძის სახლ-მუზეუმები ორ-ნახევარ კილომეტრში… სანახავი ძალიან ბევრია… აი, მწვანეში რომ გაეხვევა ბუნება, მაშინ…რაც კი დედამიწაზე სუნამო შექმნილა, ყველაზე უკეთესი სურნელი ტრიალებს ჩემს სოფელში, განსაკუთრებით – გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების კერაზე…
– ამ წალკოტში გაიარა თქვენმა ბავშვობამ… არ მიკვირს, რომ მღერით…
– 11 წლის ვიყავი, სარაიონო კულტურის სახლის სცენაზე ვითამაშე მთავარი როლი ს. მთვარაძის „სახსოვარში”. მას შემდეგ სცენიდან ვერ ჩამომიყვანეს. რამდენი წელია მას შემდეგ? გაგიკვირდება და 60-მდე… სიბერემ მომიკაკუნა, მაგრამ არ ვიმჩნევ. გრამაფონი გაგიგია? გრამაფონის ფირფიტა რომ გაიბზარება და ერთი და იმავეს იმეორებს, ისე ვარ…
– სიმღერის სიყვარული ალბათ ოჯახიდან დაიწყო?
– სიმღერის სიყვარული? არა, სიმღერა ჩემში ჩასახლდა და მას შემდეგ წასვლა არც უცდია…
მამაჩემს ხუთი დედმამიშვილი ჰყავდა. ყველანი მღეროდნენ…
ვსწავლობდი საესტრადო სასწავლებელში. ვაჟა დურგლიშვილის მომდევნო კურსელი ვარ. ვუკრავდი და ვმღეროდი ფიზკულტურის ინსტიტუტის საესტრადო ანსამბლში.
– მშობლიურ რაიონს მალე დაუბრუნდით… იყავით ანსამბლ „საჩინოს“ ხელმძღვანელი, მღეროდით ვანის კულტსახლის ხალხურ გუნდში… წარმატება და აღიარება არ მოგკლებიათ…
– 1974 წელს ოჯახი შევქმენი და დავბრუნდი ვანში. ვიყავი სოფელ ზეინდრის კულტურის სახლის დირექტორი… 5 წელი ვიმუშავე ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სტუდენტური დღეების მოსამზადებლად. 1978 წლიდან ვიყავი ვანის კულტურის სახლის ვ.ი.ა – „საჩინოს” ხელმძღვანელი. ვმღეროდი ამავე კულტსახლის ხალხურ გუნდში. ვიყავით პოლონეთში ჩეხეთში სლოვაკეთში, ლატვიაში…
1976 წელს ვანის სამუსიკო სკოლაში დავაარსე პედაგოგ ქალთა ოქტეტი და იმავე წელს საკავშირო ფესტივალის მეორე ხარისხის დიპლომი დავიმსახურეთ, შემდეგ კი პედაგოგთა ფოლკლორული გუნდი შევქმენი და ლენინგრადის (ახლანდელი სანქტ-პეტერბურგის) №1 სკოლასთან მეგობრული ურთიერთობა ჩემივე ინიციატივით დავამყარეთ. ვიყავით ლენინგრადში და ისინიც მოვიწვიეთ ჩვენთან. 1988 წელს მუშაობა დავიწყე ადგილობრივ გაზეთ ,,საჩინოში”, სადაც 14 წელი ვიმუშავე. 1999 წლიდან 2003 წლამდე კი რედაქტორი ვიყავი…
– ხელოვნებასთან კავშირი ერთი წამით არ გაგიწყვეტიათ. ყოველთვის აქტიური იყავით…
– 2006 წელს დავაარსე ბიჭუნათა ფოლკლორული ტრიო „იმერეთი”, რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია თითქმის ყველა საერთაშორისო თუ რესპუბლიკურ ფესტივალზე. როგორც კი ბუნება მწვანედ შეიმოსება, ხალხური პოეზიისა და სიმღერის საღამოს ჩატარებას ვაპირებ.
– 5 წელია ფოლკლორული ანსამბლის, „შუამთის“ ხელმძღვანელი ხართ. ბევრს აკეთებთ ძველი მივიწყებული სიმღერების აღსადგენად…
– ფოლკლორული ანსამბლი „შუამთა“ 90-იან წლებში შეიქმნა სოფელ შუამთის კულტურის სახლთან – ანზორ გიორგაძის, თორნიკე სულაბერიძის და ვახტანგ კაცაძის თაოსნობით. მისი დამაარსებელი და პირველი ხელმძღვანელი რაიონში ცნობილი ლოტბარი აწ გარდაცვლილი თორნიკე სულაბერიძე გახლდათ.
ანსამბლი ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ანუ ენთუზიაზმით შეიქმნა. იმ ადამიანებიდან დღეს თითქმის არავინაა ცოცხალი. მაგრამ ქართული ფოლკლორისადმი უსაზღვრო სიყვარული დატოვეს. ვანი იმერეთის მხარეა და იმერლებს მაინცადამაინც არა გვაქვს მდიდარი ფოლკლორული სიმღერები, როგორც სვანებს, კახელებს, გურულებს, აჭარლებს, მეგრელებს და ა.შ.
ამიტომ ჩვენს სიმღერებში იგრძნობა გურული გავლენა. ვანში არის მაღალმთიანი სოფელი ყუმური, რომელიც მთით სურებს (ჩოხატაური) ესაზღვრება. იქვე, ყუმურიდან სამ კილომეტრში, სოფელი ტობანიერი, ხოლო მთის გასწვრივ კურორტი სულორია. აი, ეს სოფლებია ის ადგილები, სადაც იმღერებოდა უძველესი სიმღერები, რომლებიც შემონახულია დღემდე, ოღონდ არასრული რეპერტუარით (ისინი დაიკარგა, რადგან მაშინ ჩასაწერი სტუდიები და ტექნიკა მიუწვდომელი იყო).
სხვათა შორის, ყუმურის მამაკაცთა გუნდის რეპერტუარში ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია „ნადური“, რომელსაც დღეს „ქართული ხმები“ მღერის და კონსერვატორიაში ფოლკლორის ფაკულტეტზე ისწავლებოდა. ჩვენმა ანსამბლმა „შუამთამ“ შეძლო, რამდენიმე სიმღერის აღდგენა და ამ გზით მივდივართ დღემდე.
კიდევ ერთი დეტალი გურულ-იმერული მსგავსებისა ისიც არის, რომ ადრე სოფელ ყუმურში, ტობანიერში, მუქედსა და სულორში ხშირი იყო სურებელი რძლების, ხოლო სურებში აქაური რძლების თხოვა-გათხოვება.
მოგეხსენებათ, წინათ მაყრიონის შემადგენლობაში ძირითადად მომღერლებს არჩევდნენ და ქორწილში ერთგვარი შეჯიბრება იმართებოდა… ჩვენ გვაქვს სიმღერები, რომლის ტექსტს გურულებიც მღერიან, მაგრამ მელოდია სხვაა. ესაა მოკლე ბიოგრაფია ჩვენი ანსამბლისა.
„შუამთამ“ არაერთ კონკურსსა და ფესტივალში გაიმარჯვა თავისი რეპერტუარით, რომელიც მოიძია ყუმურისა და ტობანიერის მომღერლებისაგან. ის ორჯერ გახდა ფესტივალის ლაურეატი, მე კი ანსამბლს სათავეში ჩაუდექი უკვე 5 წელია და მასში გავაერთიანე ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები, მათ შორის ჩემ მიერ ჩამოყალიბებული ტრიო „იმერეთი“, რომელიც საკმაოდ ცნობილი გახდა საშემსრულებლო ოსტატობით.
ჩვენს რეპერტუარშია უძველესი ვანური ფოლკლორული სიმღერები, რომლებიც შემოინახეს ყუმურელმა, ტობანიერელმა და სულორელმა მომღერლებმა.
რაც შეეხება მიღწევებს, ორგზის ლაურეატები ვართ ფოლკლორული ფესტივალებისა. წელს ანსამბლი „შუამთა“ კიდევ ერთხელ გახდა ფოლკლორის ეროვნული ცენტრის ფესტივალის ლაურეატი.
– ანსამბლ „შუამთას“ შესახებ ერთ-ერთ ცნობილ უცხოენოვან საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია…
– ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ბატონ ჭაბუკა ამირანაშვილს, რომელიც არის ჯგუფ „შარას” პროდიუსერი, მუსიკოსი. შარშან ვანში „შარამ“ კონცერტი გამართა და საღამოს ჩემთან სახლში ვახშამზე დავპატიჟე. სწორედ მაშინ გადაწყვიტა ბატონმა ჭაბუკამ, ჩამოსულიყო ჩვენთან თავისი აპარატურით და ყველა ხარჯით ჩაეწერა ანსამბლი „შუამთა”.
ჩამოვიდა, ჩაწერა და გერმანიაში თავის მეგობარ მუსიკოსთან და პროდიუსერთან ჩაიტანა, რასაც მოჰყვა ერთ-ერთ ცნობილ საიტზე ჩვენი სიმღერების მსოფლიოსათვის გაცნობა. ეს საიტი თქვენც გაქვთ ნაჩვენები ინტერვიუში. ეს არის მსოფლიოსთვის ცნობა, რომ ვანის რაიონში არის ფოლკლორული ანსამბლი „შუამთა” თავისი თვითმყოფადი რეპერტუარით. ეს ვაცნობე ფოლკლორის ეროვნულ ცენტრს, მოიწონეს და მოგვილოცეს კიდეც და ეს საიტი ფოლკამბების გვერდზე განვათავსეთ. ასე რომ, ბატონი ჭაბუკას ღვაწლი დიდია ჩვენს აღმოჩენა-წარმოჩენაში.
იხილეთ ლინკი ჟურნალ „სპოტიფაის“ გვერდზე:
https://open.spotify.com/album/7KFmoF0AKMGwg1GTZ06eWi?si=TRyXRnO3RnyWsMxlxXbkiw&fbclid=IwAR24xZGfdycKdBBZRrsQP1wAAIcoqnkxw7M9JwnVt4U5hH1glCZT-5q4BMY&nd=1
– სამი თაობა მღერის თქვენს ანსამბლში…
– ამჟამად „შუამთა“ 14 წევრისგან შედგება. ჩვენს ანსამბლში ყველაზე უხუცესი წევრი 86 წლისაა, ხოლო ყველაზე უმცროსი – 16 წლის. საშუალო ასაკი 60 წელია. ასე რომ, სამი თაობა ერთად გადმოგვცემს უძველეს იმერულ ფოლკლორს, რომელიც ვანმა სანიმუშოდ შემოინახა.
სამი თაობის ერთად შეკრება სიმღერის სიყვარულით ხდება. იმერული ფოლკლორი კი ძირითადად ხასიათური განწყობით ხდება. ამიტომ ისეთ სიმღერებს ვარჩევ, სადაც იუმორი სჭარბობს.
აღსანიშნავია, რომ ძმები რამიშვილები, რომლებმაც დაამთავრეს გალობის უნივერსიტეტი, ფოლკლორის ეროვნული ცენტრის მიერ ვანში დაარსებულ სალოტბარო სკოლას უდგანან სათავეში, სადაც 50 ბავშვი სწავლობს საგალობლებს და ხალხურ სიმღერებს. მათ აღზრდა-ჩამოყალიბებაში ჩემი წვლილი დიდია.
– ოჯახი…
– ჩემი შვილები ბიჭი იუმორის სამყაროში მოღვაწეობენ. „კვირის პალიტრიდან” დაიწყო, მერე იყო ტელეიმედი… ახლა ოთარ ტატიშვილის Sportშოუს სცენარისტი და პროდიუსერია ინტერნეტსივრცეში. ქალიშვილი მათემატიკის მასწავლებელი და იუმორით სავსეა. მეუღლე მათემატიკოსი და ჩემი შემოქმედების თაყვანისმცემელია.
– ჰობი…
– ჩემი ჰობი? ხალისიანი ცხოვრება. ექსპრომტების წერა… ახლის ძიება, მინდა გოდების კედელთან ვილოცო და ქრისტეს საფლავი ვნახო. მინდა ვიყო მარადიული შეყვარებული… სიმღერა, სიმღერა ლექსი, ლექსი…
– ვისთვის მიგიძღვნიათ ექსპრომტი?
– მაგას რას დავთვლი. ერთ ექსპრომტს გავიხსენებ. აკაკი მეურნე კაცია და შარშანწინ საზამთრო დათესა. მე კი მივწერე – „პოეზიაში რა გიშავს, მინდა შრომაშიც გადიდო“… შენს ლექსებს ვეღარ ჰყიდი და იქნებ საზამთრო გაყიდო-მეთქი. მეორე წელს გოგრა დათესა. ეტყობა, საზამთროს ბიზნესმა არ ივარგა და ისევ მივწერე, ბოლო სტროფი ასეთი იყო: „და როცა გოგრას დათესავ, მწკრივში დათესე თუთუნი. ბარემ ლობიო ჩათესე, გაყიდი ბუთქუნ-ბუთქუნით“…
– მეუღლესაც ხომ არ უძღვნიდით ლექსებს?
– რომ მოვიყვანე, მერე მივუძღვენი ექსპრომტი… მე ლექსს ვერ ვწერ. ექსპრომტს კი… სიტუაციისდა მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეუღლე მათემატიკოსია და სიმღერა არ იცის, მე კი სიმღერა ვიცი და მათემატიკის ინჩი-ბინჩი არ გამეგება, ოჯახური იდილია მაინც შევქმენით.
თამარ შაიშმელაშვილი