2015 წელს საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა გაიმართება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე თბილისის ზღვის პლაზაში საავტომობილო ექსპედიციის „მოგზაურობა 10 ათასკილომეტრიან აბრეშუმის გზაზე“ წევრთა მიღებას დაესწრო. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, „აბრეშუმის გზის“ პროექტში საქართველოს აქტიური ჩართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და „ჰუალინგ ჯგუფის“ ძალისხმევით მოხდა.
მისი თქმით, აბრეშუმის გზის დერეფნის შენარჩუნება და პოპულარიზაცია დიდ ეკონომიკურ, კულტურულ და ტურისტულ პერსპექტივებთანაა დაკავშირებული.
მისივე თქმით, მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს ქართველ და ჩინელ ხალხებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რომელიც დღესდღეობით ჩვენი ქვეყნების მთავრობების ძალისხმევით ისედაც ინტენსიურად ვითარდება.
სამინისტროს ინფორმაციით, ასევე მან ისაუბრა საქართველო-ჩინეთის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებზე ორივე ქვეყანაში, სადაც ისინი არაერთ საინტერესო პროექტს ახორეილებენ, რომლის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია საქართველოში „ჰუალინგ ჯგუფის“ მოღვაწეობა.
მინისტრის მოადგილემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა კომპანიას აღნიშნულ საქმიანობაში და მზადყოფნა გამოთქვა თანამშრომლობის გაგრძელებასა და მომავალში სხვადასხვა პროექტების განხორციელებაზე.
ნათია მიქელაძის განცხადებით, „ჰუალინგ ჯგუფის“ მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყანაში ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით.
მისივე თქმით, 2015 წელს საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა გაიმართება და სწორედ ის ოლიმპიური სოფელი, რომელიც ამ ტერიტორიაზე შენდება, უმასპინძლებს 4000-მდე მონაწილეს ღონისძიების განმავლობაში.
ნათიამ მიქელაძემ საპატიო სტუმრებს მადლობა გადაუხადა აბრეშუმის გზის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო მსგავს პროექტებში მომავლაშიც აქტიურად ჩაერთვება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები