ბოლვონინგენის სფეროები – როგორ გაჩნდა ევროპაში ყველაზე უცნაური სახლები

თუკი თქვენ ე.წ. ხრუშჩოვკაში ცხოვრობთ და მისი არასრულფასოვნების გამო იტანჯებით, იცოდეთ, რომ სადღაც, აყვავებულ ნიდერლანდებში, ქალაქ ჰერტოგენბოსში ხალს „საკუთარი კუთხე“ არ გააჩნია. 1984 წელს იქ 50 ბურთისებრი შენობა ააგეს არქიტექტორ დრის კრეიმპის პროექტის მიხედვით. ეს უნდა გამხდარიყო მობილური სახლების კონცეფციის ახალი, რევოლუციური აღქმა, მაგრამ ახლა ისინი არამოთხოვნადი საცხოვრებელი ფართებია, რომლებიც, ალბათ, მხოლოდ ტურისტებისთვის თუ იქნება საინტერესო.

ეს უცნაური სახლები განლაგებული იყო ბოლვონინგენის რაიონში. სანამ არქიტექტორი თავისი ჩანაფიქრის ასრულებას დაიწყებდა, მანამდე მოუწია მნიშვნელოვან კონკურსში გამარჯვება. მისი მეტოქეები იყვნენ ახალგაზრდა და პერსპექტიული ინჟინრები და დიზაინერები ნიდერლანდების სხვადასხვა კუთხიდან.

რა არის შიგნით?

სახლი წარმოადგენს სფეროს, რომელიც ბეტონისგან არის დამზადებული და 5,5 მეტრი დიამეტრისაა, დათბუნებულია პოლიმერული მასალებით. ყველა ბურთი დამაგრებულია „ფეხზე“, რომელშიც განლაგებულია შესასვლელი, სათავსოები და კიბე, რომელიც საცხოვრებელი ფართისკენ მიდის. სფეროს პირველ სართულზე მდებარეობს საძინებელი, მეორეზე – პატარა მისაღები ოთახი.

აბაზანა და საპირფარეშო მოთავსებულია შენობის ცენტრში.  სახლში ასევე არის პატარა სამზარეულო. ყველა სახლთან არის მცირე ზომის ეზო და პარკირების ადგილი. ყველა ნაგებობაში გათბობა ინდივიდუალურია, ამიტომ სფეროს თავზე მოთავსებულია პატარა მილი.

პატარა სახლში 11 ფანჯარა-ილუმინატორია, რაც სახლს ბუნებრივი შუქით უზრუნველყოფს.

სფეროსებრი სახლები გათვლილია 1 ან 2 ადამიანის ცხოვრებისთვის. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ყველა სახლის დაშლა, სხვა ადგილზე გადატანა და აწყობა. თუმცა, ამ სახლებს რაიონი არასდროს დაუტოვებიათ.

რატომ არ გახდა სფეროსებრი სახლი პოპულარული?

ამ სახლებში ძალიან ცოტა სწორი კედელია და ყველა მათგანი სახლის ცენტრში მდებარეობს. ნებისმიერი სტანდარტული ავეჯის განლაგება ბინაში ძალიან რთული ამოცანაა. სახლი ორი გამხდარი ადამიანისთვისაც კი ძალიან ვიწროა. ასეთი ცნება, როგორიცაა „პირადი სივრცე“ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ სახლში ცხოვრობენ, ძალიან აბსტრაქტულია.
ძალიან გამაღიზიანებელია ისიც, რომ სახლები ერთმანეთთან ძალიან ახლოს მდებარეობს, ამიტომ მათი ფანჯრებიდან არა მხოლოდ სიმწვანე და ბუნება ჩანს, არამედ ყველაფერი, რაც მეზობელ სფეროში ხდება.
მიუხედავად ამისა, ამ სახლებში ცხოვრების მსურველები მაინც არიან და ისინი მათ „გოლფის ბურთებს“ უწოდებენ. ეს ძირითადად მარტოხელა ან ახალგაზრდა წყვილები არიან, რომლებიც ცალკე ცხოვრებაზე ოცნებობდნენ და იაფი საცხოვრებელიც იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები