გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის წევრებს საერთაშორისო ტურნირზე მიღწეული წარმატება მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად, მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირზე გამარჯვებულ სპორტსმენებს მიღწეული წარმატება მიულოცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ანასტასია ჩხარტიშვილმა 19 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა და ჩემპიონი გახდა. ელენე ქობალიამ და ანდრია ჩხარტიშვილმა 12 და 14 წლამდე კატეგორიაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

გიორგი ჯინჭარაძემ ახალგაზრდებს მომავალში კიდევ უფრო დიდი გამარჯვებები უსურვა და აღნიშნა, რომ მსგავსი მიღწევები მოტივაციას ქმნის სხვა ახალგაზრდებისთვისაც და ხელს უწყობს სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენებმა, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის წევრები არიან, რიგაში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე „Riga City Council’s Cup“ წარმატებულად იასპარეზეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები