უსახლკარობიდან მილიარდერობამდე – ვინ არის Paul Mitchell Systems-ის შემქმნელი

ჯონ პოლ დეჟორია 1944 წლის გაზაფხულზე დაიბადა ლოს-ანჯელესში. მისი მამა ემიგრანტი იყო იტალიიდან, დედა – საბერძნეთიდან. ჯონის ბავშვობამ სიღარიბეში ჩაიარა. ბიჭი ორი წლისაც არ იქნებოდა, როდესაც მამა გარდაიცვალა. პირველი წლები დედა ყველაფერს მარტო ახერხებდა, მაგრამ როდესაც ჯონი 9 წლის გახდა, მუშაობა მოუწია. ის კარდაკარ დადიოდა და საშობაო მისალოც ბარათებს ყიდდა, შემდეგ სკოლაში მიდიოდა. 10 წლის ასაკში მას უფროს ძმასთან ერთად გაზეთები  დაჰქონდა. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ესეც არ იყო საკმარისი და დედამ შვილების საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში ჩაბარება გადაწყვიტა.
სკოლაში დეჟორია ცოტა ხანს ბანდაში იყო. თავისი ცხოვრების შეცვლის გადაწყვეტილება მას მათემატიკის მასწავლებელმა მიაღებინა.
სკოლა 1962 წელს დაამთავრა და ფლოტში წავიდა. 22 წლის ასაკში, 1966 წელს ის სახლში დაბრუნდა. იმ დროს უკვე მეუღლე და ჩვილი ბავშვი ჰყავდა. როდესაც მათ ვაჟს 2 წელი შეუსრულდა, ცოლმა ოჯახიდან წასვლა გადაწყვიტა და ახალგაზრდა მამა შვილთან ერთად მიატოვა. ფული მაშინ ჩვეულებრივ ნივთებზეც არ ჰყოფნიდა. მიუხედავად ყველა ძალისხმევისა, რომ სამსახური და ფული ეშოვა, “კოკა-კოლის” ბოთლების ჩაბარებით, მომავალმა მილიარდერმა საცხოვრებლის ქირის გადახდაც ვერ მოახერხა და რამდენიმე დღე შვილთან ერთად ქუჩაში გაატარა, სანამ ერთმა ნაცნობმა ბაიკერმა არ შეიკედლა ისინი.
მომდევნო 10 წელი ჯონმა ბევრი პროფესია მოსინჯა: კარისკაცი, კურიერი, დაზღვევის აგენტი, ენციკლოპედიებით მოვაჭრე და სხვა. ერთ-ერთ ასეთ სამსახურში, სილამაზის სალონში, მან გაიცნო მომავალი კომპანიონი, სტილისტი პოლ მიტჩელი. 1980 წელს, როდესაც ჯონი 36 წლის იყო, მათ მთელი თავისი დანაზოგი, რაც 700$ შეადგენდა, შამპუნის შემუშავებაში ჩადეს. შეფუთვა მაქსიმალურად უბრალო იყო – თეთრი ბოთლი შავი ასოებით, ვინაიდან ფერადი ძვირი ღირდა.
მათ გამოუჩნდათ ინვესტორი, რაც იმედის მომგვრელი იყო, მაგრამ მოხდა ისე, რომ მან უარი თქვა ინვესტირებაზე. თუმცა, მუშაობა მაინც გააგრძელეს. ამ პერიოდში ჯონი მეორედ აღმოჩნდა ქუჩაში, ვინაიდან ფული არ ჰქონდა სახლის დასაქირავებლად. ამჯერად ჰყავდა ძველი მანქანა, სადაც ღამეს ათევდა. 
„მე ცხოვრება ვისწავლე დღეში მხოლოდ 2 დოლარის დახარჯვით. დილის 9 საათზე მივდიოდი კაფე Freeway-ში – იმ დროს 99 ცენტად შეძლებოდა ერთი კვერცხის, ერთი ტოსტის, ერთი ფორთოხლის წვენის ან ყავის და ერთი ნაჭერი ბეკონის ან სოსისის ყიდვა“, – იხსენებს ჯონი.
მთელი 2 წლის განმავლობაში პარტნიორები დადიოდნენ სალონებში, ატარებდნენ პრეზენტაციებს, ფულს ზოგავდნენ შეფუთვაზე. ბევრი წარუმატებელი ცდის შემდეგ ზოგიერთმა სალონმა დაიწყო შამპუნების შეძენა. ბოლოს, 1982 წელს მათ პირველ მოგებაზე შეძლეს გასვლა: ყველა ანგარიშის დაფარვის შემდეგ მათ 4 ათასი დოლარი დარჩათ, რაც მეგობრებმა ტოლად გაიყვეს. ასე, თანდათან კომპანია გადაიზარდა John Paul Mitchell Systems-ში.
ფირმის 40-წლიანი არსებობის განმავლობაში Paul Mitchell Systems-მა ბიზნესი 103 ქვეყანაში გახსნა. მასზე ათასობით ადამიანი მუშაობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ფორბსმა ჯონის კაპიტალი 2021 წლის ნოემბრისთვის 2,1 მილიარდად შეაფასა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები