კასპის რაიონის, იგოეთის საჯარო სკოლა დაამთავრა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკის მიმართულებით განაგრძო სწავლა ბაკალავრიატში. თუმცა, როგორც ამბობს, ფიზიკას ვერ დაუმეგობრდა. კარგა ხნის შემდეგ იპოვა სწორედ ის დიდი შთაგონება, რასაც ხელოვნება ჰქვია და უფრო საინტერესო ცხოვრება დაიწყო...
ამზადებს ხელნაკეთ საგნებს, თოჯინებს, ხატავს…
ახლახან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაამთავრა სამაგისტრო საფეხური გამოყენებითი გენეტიკის მიმართულებით, ხელოვნების პარალელურად, ცდილობს დოქტორანტურაშიც გააგრძელოს სწავლა. – ანა მანჯიკაშვილის პერსონა.
– კასპის რაიონის იგოეთის საჯარო სკოლა დაამთავრეთ. თუ ხატავდით მაშინ?
– ხატვით ბავშვობიდანვე ვხატავდი, კარგად არა, მაგრამ ხატვა ჩემთვის ემოციის და გრძნობების გადმოცემის კარგი საშუალება იყო.
კლასში ყველაზე კარგ მოსწავლედ ვითვლებოდი, ყველა საგანს ვსწავლობდი, მაგრამ საათობით შემეძლო ხელოვნების წიგნების თვალიერება, მიყვარდა ლიტერატურაც და უამრავი წიგნის კითხვაც.
– ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის მიმართულებით სწავლობდით…
– ფიზიკა ჩემი ძლიერი მხარე არასოდეს ყოფილა, მაგრამ მაინც ის ავირჩიე მთავარ მიმართულებად ბაკალავრიატში, თუმცა ფიზიკას ვერ დავუმეგობრდი და საბოლოოდ მივხვდი, რომ ჩემი საქმე არ იყო.
– ხელოვნებაში ცოტა გვიან დაიწყეთ მოღვაწეობა…
– ბაკალავრიატის შემდეგ ცხოვრებაში რთული პერიოდი მქონდა. სწორედ მაშინ მივუბრუნდი ხელოვნებას და მაშინ აღმოვაჩინე სხვა სიღრმეები, ტექნიკაც უფრო დამეხვეწა.
ხელოვნება რომ არა, ის არ ვიქნებოდი, რაც ვარ – ვერც სწავლის გაგრძელებას შევძლებდი და არც ასეთი დამოუკიდებელი და გამბედავი არ ვიქნებოდი, როგორიც ახლა ვარ.
ხელოვნება ჩემთვის ჩემი სულიერების გადმოცემის საშუალებაა, თუნდაც უარყოფითის, როცა ემოციისგან იცლები და შექმნილს უყურებ, უფრო უფიქრდები, თუნდაც არაცნობიერად, შენს შინაგან სამყაროს. და უფრო მშვიდი და თავდაჯერებული ხდები.
– ქარგავთ, ასევე ხელნაკეთ თოჯინებს ამზადებთ… რა მასალას იყენებთ?
– უმეტესად თექას და პოლიმერულ თიხას ვიყენებ, მიყვარს ხატვაც, განსაკუთრებით მინიატურული ნახატების ხატვა მიზიდავს.
ახლა მინდა, რომ მთლიანად გადავიდე ხელოვნურ თექაზე, რადგან სინდისი მქენჯნის, რომ ცხოველურ პროდუქტს ვუწევ ექსპლუატაციას.
– „ალისა და თეთრი კურდღელი“, „ჰარი, რონი და ჰერმიონი“… კიდევ რომელმა პერსონაჟებმა დაგაინტერესათ?
– ზოგადად, ძალიან მიყვარს ადამიანების ფიგურების ხატვა და შექმნა. განსაკუთრებით საყვარელი პერსონაჟია ალისა, რადგან ბევრი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ჩემთვის ხელოვნება და ინტერპრეტაციები განუყოფელია, მიყვარს შიშველი ნატურის შექმნა, რა დროსაც სიშიშვლე, ფიზიკურ სიშიშვლეზე მეტად სულიერ განცდებს გამოხატავს.
ისე კი, ზოგჯერ სხვა ხელოვანის ნამუშევრები ხდებიან ჩემი ინსპირაციის წყარო.
– როგორ შეიქმნა მარიტა? სიმართლე გითხრათ, ნახატისგან განსხვავებით მისი სახის შექმნა საკმაოდ რთული იქნებოდა…
– ახლა ვმუშაობ მარიტას და გედიას ფიგურებზე, „ნატვრის ხის“ ულამაზესი სცენიდან. ამ ნამუშევრის შექმნისკენ ერთ-ერთი სხვა ქართველი ხელოვანის – ფუფალას ფიგურის ნახვამ მიბიძგა.
როდესაც ფუფალას თოჯინა გამახსენდა, მაშინვე მარიტას და გედიას თემა ამოტივტივდა ჩემს მეხსიერებაში, სიყვარულის თემა, ამიტომ ვფიქრობ, რომ სხვა პერსონაჟების შექმნა აღარ არის საჭირო, რადგან მარიტა და გედია სიყვარულს ნიშნავს. ჩემთვის მხოლოდ გარეგნული მსგავსება და დეტალები არ არის მნიშვნელოვანი.
სანამ მარიტას ფიგურაზე დავიწყებდი მუშაობას, მანამდე ვიცოდი, რომ ქალბატონი ლიკა ქავჟარაძის სილამაზეს ვერ გადმოვცემდი. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემთვის მთავარია, სიყვარულის იდეა გადმოვცე და მუხტი შევინარჩუნო, რომ ეს პროექტი ბოლომდე მივიყვანო. ერთი სული მაქვს, როდის შევქმნი გედიას ფიგურას.
– სამაგისტრო საფეხური გამოყენებითი გენეტიკის მიმართულებით დაამთავრეთ. თან სწავლობთ, თან არც ხელოვნებას ღალატობთ… ორივეს ერთად როგორ ახერხებთ?
– სწავლის და ხელოვნების შეთავსებას ძალით არ ვცდილობ. ახლა დოქტორანტურაში სწავლისთვის ვემზადები, ჯერ არ ვსწავლობ, შესაბამისად, ბევრი თავისუფალი დრო მაქვს, და ამ დროს შემოქმედება ავსებს, ასეთ პერიოდში თითქმის ყველაფერი შეიძლება გახდეს ჩემთვის ინსპირაციის წყარო…
– ჰობი…
– შემიძლია ვთქვა, რომ უმთავრესი ჰობი ჩემი შემოქმედებაა, ძალიან მიყვარს მუსიკის მოსმენაც, თითქმის ყოველთვის, როცა რაიმეს ვქმნი, მუსიკა სულ ჩართული მაქვს.
– გამოფენები, სამომავლო გეგმები…
– გამოფენები არ მქონია, ჩემი ნამუშევრების უცხოურ ბაზარზე გატანის მცდელობა კი მქონდა ეტსის პლატფორმის საშუალებით. რამდენიმე მათგანი გავყიდე, თუმცა, დროის უქონლობის გამო, ვეღარ გავაგრძელე ეს საქმიანობა.
ერთი რამ ზუსტად ვიცი: ხელოვნება ყოველთვის ჩემი ცხოვრების თანამგზავრი იქნება, რადგან ის არის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და ერთგული დასაყრდენი, რომელსაც შეგიძლია ბევრი საიდუმლო გაუზიარო, მაგრამ შეგიძლია მშვიდად იყო, რადგან ყოველთვის დაგეხმარება.
თამარ შაიშმელაშვილი