დაამთავრა სამედიცინო კოლეჯი, ერთხანს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაშიც სწავლობდა. ბოლო ორი წელია, აქტიურად დაუბრუნდა ხატვას.
ამბობს, რომ განსაკუთრებით უყვარს, როდესაც საქართველოს ქალაქებს ხატავს. – ნათია ჭანტურიძის პერსონა.
– სამხატვრო აკადემიამდე სამედიცინო კოლეჯი დაამთავრეთ. პარალელურად მედიცინაც გიზიდავდათ?
– ხატვა ღრმა ბავშვობიდან მიყვარდა, ხატვის მიმართ ინტერესმა ზრდასრულ ასაკამდეც გასტანა და შემდეგ პროფესიადაც ავირჩიე. თუმცა მედიცინაც მაინტერესებდა და გადავწყვიტე, აქაც მომესინჯა თავი.
– აქტიურად ხატვას ბოლო ორი წელია, დაუბრუნდით… არ ნანობთ იმ გამოტოვებულ წლებზე?
– ნამდვილად ვნანობ. ამ წლების განმავლობაში დიდ გამოცდილებას დავაგროვებდი. მინდა ვთქვა, რომ მხატვრობაში ჩემს დაბრუნებაში დიდი როლი მიუძღვის უსაყვარლეს ადამიანს, ელენე დაშნიანს, რომელმაც მომცა ხატვის გაგრძელების სტიმული.
– ნათელი ფერებით დახუნძლული ქალაქები… როგორ იქმნება თითოეული ნამუშევარი? თუნდაც, სიღნაღი? რა მასალას იყენებთ?
– ვხატავ ზეთის საღებავებით. მიყვარს მრავალფეროვნება, მხატვრობა საშუალებას მაძლევს, მაქსიმალურად გამოვიყენო ფანტაზია, რაშიც ფერები მეხმარება.
სიღნაღის ფოტო შემთხვევით ვნახე, ძალიან მომეწონა და ტილოზე გადავიტანე. განსაკუთრებით მიყვარს, როდესაც საქართველოს ქალაქებს ვხატავ.
– საყვარელი მხატვრები…
– ძალიან მომწონს ლადო გუდიაშვილის და ელენე ახვლედიანის შემოქმედება, თუმცა კიდევ არის, რა თქმა უნდა, ბევრი მხატვარი, რომელიც მომწონს.
– სახლების ხატვა გიყვართ…
– ვისურვებდი, ყველა სახლი და ოჯახი ისეთივე ფერადი და სიკეთით სავსე იყოს, როგორ შთაბეჭდილებასაც ჩემი ნახატები ქმნის.
– ოჯახში მხოლოდ თქვენ არ ხატავთ…
– მყავს მეუღლე და ოთხი შვილი. მეუღლე ნიკოლოზ კობახიძე და შვილები – მარიამ და თამარ კობახიძეები ასევე ხატავენ. მარიამს გრაფიკა მოსწონს, თამარი, ჩემსავით, ზეთით ხატავს და უფრო მრავალფეროვნება იზიდავს. ჩემი მეუღლე, ძირითადად, ტუშით ხატავს. ვცდილობთ, ერთმანეთს ხელი შევუწყოთ.
– ჰობი…
– ხატვის გარდა განსაკუთრებული ჰობი არ მაქვს.
– გეგმები?
– ვცდილობ, გეგმებზე ხმამაღლა არ ვისაუბრო…
თამარ შაიშმელაშვილი