„ეს აპოკალიფსია, თითქოს ცივილიზაცია აქ არც არასდროს ყოფილა“ – მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთში
თურქეთში 6 თებერვალს ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა 1939 წლის შემდეგ. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვმა 30 ათასს გადააჭარბა, ასევე ცნობილია ხუთი ათასზე მეტი დაღუპულის შესახებ მეზობელ სირიაში. მიწისძვრამ კოლოსალური ნგრევა გამოიწვია თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. როგორც ხელისუფლება იტყობინება, საჭიროა ყველაფრის მიწასთან გასწორება და მთელი დასახლებული პუნქტების ხელახლა აშენება. საინფორმაციო სააგენტო „მედუზას“ ფოტოგრაფი სერგეი სტროიტელევი მიწისძვრისგან დაზარალებულ ქალაქებში გაემგზავრა, ისეთში, როგორიცაა ოსმანიე, კაჰრამანმარაში, გაზიანთეფი და ანთაქია. ახლა კი მის მიერ მოყოლილ ამბავსა და ფოტოებს შემოგთავაზებთ.
ოსმანიე
მე მერსინში ვცხოვრობ – დაახლოებით 250 კილომეტრში მიწისძვრის ეპიცენტრიდან. როდესაც ეს მოხდა, მე მეძინა – გამეღვიძა, როცა საწოლმა ოთახში გადაადგილება დაიწყო. უცებ წამოვხტი, დერეფანში გავედი და წავიქეცი იმიტომ, რომ ბიძგები კიდევ უფრო გაძლიერდა. წამოვდექი და ველოდებოდი, როდის გაჩერდებოდა. გარეთ როცა გამოვედი, დავინახე, რომ სახლებიდან ადამიანები გამოცვივდნენ და საშინელი სისწრაფით დაიწყეს ქალაქიდან გასვლა. მე სახლში წავედი, ავაგროვე ნივთები და ფოტოების გადასაღებად გავეშურე.
როდესაც ავტობუსების გაჩერებაზე ბილეთის ყიდვა მინდოდა ოსმანიემდე, მოლარემ გაფართოებული თვალებით შემომხედა: „რისთვის მიდიხარ იქ, იაბანჯი?“ („იაბანჯი“- თურქულად ნიშნავს „უცხოელს“).
-„შენ ანტალიაში უნდა წახვიდე. თქვენ, ტურისტები, ხომ ყველა მანდ მიდიხართ ხოლმე“.
მე დაჟინებით მოვითხოვე, რომ ბილეთი ოსმანიემდე მჭირდებოდა და მან ბილეთი მაჩუქა. ოსმანიე მერსინიდან 150 კილომეტრშია. იქ მთელი საცხოვრებელი რაიონი ჩამოინგრა – 34 შენობა.
ნანგრევებზე იყო მამაკაცი, საშინლად ავი თვალებით – ის მიწას თხრიდა და ნანგრევებს ძალაყინით ამტვრევდა. ნახევარი საათის შემდეგ მან თავისი 5 წლის შვილის, იუსუფის ცხედარი ამოიყვანა იქიდან. მას წითელი ზედა ეცვა და ხელი კაუჭივით ჰქონდა მოღუნული. სახე მთლიანად განადგურებული- სავარაუდოდ, ბეტონის ფირფიტა დაეცა.
კაცმა შვილის ცხედარი საბანში გაახვია. მთელი ოჯახი გვერდით იდგა და ტიროდა. მეზობელ სახლში ოთხი ბავშვი დაიღუპა, მათი ცხედრები ჩემს მისვლამდე ამოასვენეს. გვერდით ამ ბავშვების ძაღლი იყო დაბმული. ის სულ აქეთ-იქით იყურებოდა – თავის პატრონებს ეძებდა.
კაჰრამანმარა
შემდეგ მე წავედი კაჰრამანმარაში – ქალაქში, რომელშიც თითქმის მთლიანად დაინგრა მეორე მიწისძვრის შემდეგ, დაახლოებით დღის პირველ საათზე.
მე დაახლოებით ღამის 2 საათზე ჩავედი. ხალხს ცეცხლი ჰქონდა დანთებული. მთვარე ძალიან დაბლა იყო. თითქოს ცივილიზაცია აქ არც ყოფილა, ეს სრული აპოკალიფსია.
მე ნანგრევებს შორის დავდიოდი და დროდადრო ადგილობრივებთან ცეცხლზე ვთბებოდი.
ექსკავატორები 24-საათიანი რეჟიმით მუშაობენ – გადარჩენილებს ეძებენ. რაღაც მომენტში მაშველებმა ნანგრევებიდან დარტყმის ხმა გაიგონეს – იქ ქალი და კაცი იყვნენ. მათ გამოყვანას მაშველები 8 საათს მოუნდნენ – მთელი ამ ხნის განმავლობაში, იქ ვიდექი. ორივეს გადარჩენა მოხერხდა, მაგრამ კაცს ფეხში რკინა ჰქონდა ჩარჭობილი, ამიტომ ექიმებს მოუწიათ ადგილზე ლაზერით მისთვის ფეხი მოეკვეთათ. ორივე ამოიყვანეს, მაგრამ საბნებით დაფარეს, ისინი საშინელ მდგომარეობაში იყვნენ. მათი სახეები მე მაინც ვერ ვნახე.
გამთენიისას ნახევრად დანგრეულ ნაგებობებთან ხალხი მოდიოდა. ისინი, ვისი ნათესავებიც შესაძლოა ნანგრევების ქვეშ ცოცხლები ყოფილიყვნენ.
ხალხი ყვიროდა და დარდობდა, რომ ზოგის ნათესავი ამოჰყავდათ, ზოგის კი – არა. მაშველები ცდილობდნენ აეხსნათ, რომ ნანგრევების დაშლა ერთდროულად რამდენიმე მხრიდან რომ დაწყებულიყო, შეიძლებოდა ცოცხალი ადამიანები მოეყოლა.
გაზიანთეფი
შემდეგ იყო გაზიანთეფი – სრულიად ცარიელი ქალაქი. იქ არ მუშაობდა არაფერი, გარდა ბანკებისა და საშაურმეებისა.
მრავალსართულიანი სახლების ნანგრევებთან ადამიანები ელოდებიან, ტირიან, ჩხუბობენ: „მაშველებო, ასე ნელა რატომ მუშაობთ? აუჩქარეთ“.
თუმცა, როდესაც მაშველები ნანგრევებიდან ამოსულ ხმას ყურს უგდებენ და ხალხს ნიშანს აძლევენ, ყველა მაშინვე ჩუმდება.
ქუჩაში ვიღაცის საოჯახო ალბომი ვიპოვე. ადგილობრივებმა მითხრეს, რომ მთელი ოჯახი – დაიღუპა. მათ, სამახსოვროდ, ალბომის წაღების უფლება მომცეს.
აქვე ნანგრევებთან იდგა კარვები, სადაც ახლა ამ რაიონში მცხოვრები ხალხი ღამეს ათევს.
ანთაქია
ანთაქიაში შესვლისას მივხვდი, რომ ქალაქი აღარ არის. ის მთლიანად მიწასთან არის გასწორებული.
ზოგიერთი სახლი მთლიანად დაინგრა, ზოგი დაიბზარა, ზოგიც გადაიხარა. რამდენიმე სახლს კედლები ჩამოეშალა და ქუჩიდან ჩანს რა ხდება შიგნით: ავეჯი, ქარით აფრიალებული ფარდები…
ეს ძალიან ლამაზი ქალაქი იყო და არაფერი არ დარჩა. სუნთქვა შემეკრა, მძღოლს ვთხოვე მანქანა გაეჩერებინა და უბრალოდ ფეხით განვაგრძე გზა.
მთელ ანთაქიაში მაშველები, პოლიცია და ჯარისკაცები დადიან. ყველგან ამწეებია, ყველგან თხრიან. ყველგან ბანაკებია, თეთრი კარვებით, სადაც ცხოვროენ ადამიანები, რომელთაც სახლი დაკარგეს.
გადავიღე, როგორ ამოიყვანეს ნანგრევებიდან ცოცხალი ადამიანი – მუსტაფა სარიგულა, რომელმაც ნანგრევების ქვეშ 149 საათი გაატარა.
მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში თხრიდნენ გზას მუსტაფამდე. ის მიხვდა, საშველად მოდიოდნენ – მე გავიგონე კიდეც, როგორ ამოსძახა სიღრმიდან თავისი სახელი. ის თოკების დახმარებით ამოიყვანეს, გაახვიეს თერმოსაბანში, წაიყვანეს სასწრაფოში – გამხდარი, განაწვალები, დახუჭული თვალებით. ირგვლივ ყველა ტიროდა და ტაშს უკრავდა.