„მე გამოვიგონე ჩემი პროფესია და დავირქვი „ფოტოგრაფი“ – მოპარული ფოტოაპარატით დაწყებული სიყვარული, მზრუნველი ძმები და ისიც, თუ როგორ გააცნო გია ჯაჯანიძემ დას მომავალი მეუღლე

დაიბად ჭიათურაში, მე-2 კლასიდან ცეკვაზე შეიყვანეს მშობლებმა.
მე-8 კლასიდან პროფესიულტექნიკურ სასწავლებელში გადავ, სადაც კულინარიის სპეციალობას დაეუფლა.
სკოლის დამთავრების შემდეგ ერთხანს ქალაქის საავადმყოფოში მუშაობდა, შემდეგ კი ქორეოგრაფიულზე ჩააბარა.
ფოტოაპარატით გატაცება ბავშვობისდროინდელია. მამის ფოტოაპარატით ძმას  უყვარდა გადაღება, ის კი ჩუმად ჰპარავდა და აჩხაკუნებდა თავისთვის.
ფოტოგრაფიის სიყვარული გათხოვების შემდეგაც გაგრძელდა, ძმებმა აჩუქეს „კოდაკის“ ფოტოაპარატი. „პატარები რომ მყავდნენ ბავშვები, ვუღებდი ფოტოებს და ვხალისობდით“.
ასე შეუყვარდა ფოტოგრაფობა: „მე გამოვიგონე ჩემი პროფესია და დავირქვი „ფოტოგრაფი“, ოღონდ მოყვარული“. – ნინო ჯაჯანიძის პერსონა.

ჭიათურაში დაბადებულს საინტერესო ბავშვობა გქონდა… ცეკვა გამორჩეულად გიყვარდა… სკოლის შემდეგ კი ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ჩააბარე…

– საინტერესო ბავშვობა მქონდა, დღემდე ვიკრიბებით კლასელებიც და ბაღის ჯგუფელებიც, ყველასთან გამორჩეული ურთიერთობა მაქვს. ყველაზე დასამახსოვრებელია ურთიერთობები და ადამიანები, რომლებიც დღემდე მომყვებიან ერთგულ მეგობრებად. თითქოს ვცხოვრობდით, როგორც ერთი დიდი ოჯახი ჭიათურაში, დღემდე რომ გავიგებ ვინმე ჭიათურელია, ახლობლად მიმაჩნია.
სამი დედმამიშვილი ვართ, პირველად ბაღში უფროსმა ძმამ – გიამ წამიყვანა, მე-2  კლასში ვიყავი, ცეკვაზე რომ შემიყვანეს მშობლებმა. და სწორედ აქედან დაიწყო საოცრებები. უნიჭიერესმა პედაგოგებმა გამზარდეს და მაქციეს მოცეკვავედ. აწ განსვენებულმა კაკო ცერცვაძემ, გელა კაპანაძემ. დღემდე ვმეგობრობ ჩემს უსაყვარლეს და უბერებელ ლალი პაპიჯანოვთან.

უფროს ძმასთან – გიასთან ერთად

სამ ანსამბლში ვცეკვავდი: სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „განთიადში“, „ციცინათელაში“ „ჩანგში“. სამივე ჩემი ნაწილია დღემდე.
საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გვქონდა, გასტროლები, თავბრუდამხვევი ნომრებით და ოვაციით. ეს იყო ენით აუწერელი ბედნიერება და თავისუფლების შეგრძნება, ყველა ქართველის სულში არის რაღაც, რაც ცეკვას შეაძლებინებს.

დედასთან ერთად

 როგორც გია ჯაჯანიძის დას, ბევრი საინტერესო გაქვს გასახსენებელი, 7 წლით შენზე უფროსი იყო, ბაღშიც და სკოლაშიც გიას დაჰყავდი… მომავალი მეუღლეც მან გაგაცნო…
– გია ჩემთვის მხოლოდ უფროსი ძმა არ არის, ჩემი დიდი მეგობარიცაა, სადაც დადიოდა, ყველგან მივყვებოდი. ბაღშიც კი გიამ წამიყვანა პირველად. ყველაფერი საუკეთესო ჩემთვის უნდოდა, ზრუნავდა ჩემზე, ყველა სურვილს მისრულებდა, როგორც პატარა დას, დათო კი მიცავდა, მამხნევებდა, მისი სიტყვა ჩემთვის კანონი იყო.

დათო, ნინო, გია ჯაჯანიძეები

23 წლის ასაკში გავთხოვდი, სხვათა შორის, მომავალი მეუღლე ძმამ – გიამ გამაცნო… ბედნიერი ვარ, მყავს სამი შვილი..
 ბავშვობაში სურათები გადაღებაც გიყვარდა მამის ფოტოაპარატით… დღეს, დიდი ხნის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ქორეოგრაფის პროფესიის ნაცვლად სწორედ ფოტოგრაფობა დარჩა შენს მომავალ პროფესიად…
– მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, მამას ჰქონდა ფოტოაპარატი, ჩემს ძმას – დათოს უყვარდა ფოტოების გადაღება, მე ჩუმად ვპარავდი და ვაჩხაკუნებდი, რომ გაიგო, მიხვდით ხომ, რაც დამემართებოდა?
რომ გავთხოვდი, საჩუქარი გამიკეთეს ძმებმა და მაჩუქეს „კოდაკის“ ფოტოაპარატი, ვყიდულობდი ფირს და ყველაფერს ვუღებდი ფოტოებს, პატარები რომ მყავდნენ ბავშვები, ვუღებდი ფოტოებს და ვხალისობდით.
მე გამოვიგონე ჩემი პროფესია და დავირქვი „ფოტოგრაფი”, ოღონდ მოყვარული.
გავიდა წლები და შევიძინე ფოტოკამერა, ახლაც ვაჩხაკუნებ და ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ ამ პროცესით, ყველაზე მეტად მაბედნიერებს იმ ადამიანების ემოცია, რომელთაც ფოტოს ვუღებ და ვხედავ მათ – ბედნიერებს და გახარებულებს.
– როცა ოჯახი შექმენი, ძმებმა „კოდაკის“ ტიპის ფოტოაპარატი გიყიდეს. ამბობ, რომ ფოტოგრაფობა შეგიყვარდა და შენი პროფესია შენვე გამოიგონე…

სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „განთიადი“

– როგორც უკვე გითხარით, მაბედნიერებს ადამიანების დადებითი ემოციები, ვისაც ვუღებ ფოტოს და ის ბედნიერია, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს.
მიყვარს, როდესაც რაიმე მოვლენას ან ამბავს გარდავქმნი ისტორიად, ფოტოისტორიად, რომელიც დარჩება.
ყველაზე დასამახსოვრებელი ფოტოგადაღება იყო სამშობიაროში  – „დედაშვილობა“,
არასდროს დამავიწყდება ეს სასწაული პროცესი, რასაც ახალი სიცოცხლის დაბადება ჰქვია.
–  ფოტოს გადაღებისას რაზე ფიქრობ, რას აქცევ ყურადღებას?
– ყველაზე მნიშვნელოვანს, რაც დასამახსოვრებელია მნახველისთვის. თუ პორტრეტია – ემოციას, თუ პეიზაჟია – ფერს და კომპოზიციას, ან ამბავს რაზედაც კონკრეტული ფოტო მოგვიყვება.
–  სამი შვილი გყავთ, ანი ნიქაბაძეც შესანიშნავ ფოტოებს იღებს…
– მეუღლე არქიტექტორი და მხატვარია, უზომოდ უყვარს ხელოვნება. ბავშვებს მან შეაყვარა ხატვა. ჩემი უფროსი შვილი იურისტია, შუათანა – ვიდეოოპერატორი,  პატარა – მხატვარი. სამივემ დამოუკიდებლად აირჩია პროფესია.

ნინო და გია ჯაჯანიძეები

– ჰობი…
– კულინარია… მე-8 კლასიდან პროფესიულ ტექნიკურ სასწავლებელში გადავედი, კულინარიის სპეციალობას მაშინ დავეუფლე, არაჩვეულებრივი პედაგოგი მყავდა – ქალბატონი მარინა კაჭარავა, დღემდე ვმეგობრობ.
– სამომავლო გეგმები…
მე იმპროვიზაციის მოყვარული ადამიანი ვარ, გეგმებს არასდროს ვაწყობ, ცხოვრების მოულოდნელობებით ტკბობა ჯობია.

„დედაშვილობა“
„დედაშვილობა“

 

                                                                                                                     თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები