„რაღაც მომენტში მივხვდი, რომ მზად ვარ ჩემი შეხედულებების გამო სასჯელი მოვიხადო“

რუსეთის პოლიციის ყოფილ მაიორს, ოლეგ კაშინცევს დაახლოებით ორი კვირის წინ ბასმანის სასამართლომ „სამხედრო ფეიკების“ გავრცელების საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად 8-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ყველაფერი ყოფილი პოლიციელის შეტყობინების გამო მოხდა: „პუტინის ჯარმა  შერცხვენილის იარლიყი სამუდამოდ მიიკრა. მშვიდობიანი ხალხის მოკვლა, წამება, გაუპატიურება და მაროდიორები. ეს ისაა, რასთანაც ის ცივილიზებულ სამყაროში ასოცირდება“.
სასამართლომ კაშინცევს მაიორის წოდებაც ჩამოართვა. საერთო ჯამში, რუსეთში ამ მუხლით დაახლოებით 150 ადამიანია ბრალდებული. 

გამოცემა (istories.media) ესაუბრა ოლეგ კაშინცევს ორგანოებში მისი 18-წლიანი მუშაობის შესახებ; თუ რატომ გამოდიოდა ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე და რატომ მოუწია რუსეთის სასწრაფოდ დატოვება.

— რა განიცადეთ, როდესაც გაიგეთ განაჩენის შესახებ? 

— რაღაც განსაკუთრებული ემოცია არ მქონია. მე ველოდი ასეთ განაჩენს – სხვა რამეს დანაშაულებრივი სახელმწიფოსგან არც უნდა ელოდო. ვუყურებ როგორ მუშაობს ახლა პუტინის „სამართალდამცავი სისტემა“: მათთვის პრიორიტეტული არაა დასაჯონ ნამდვილი დამნაშავეები, – მძარცველები, მანიაკები, მკვლელები – მათთვის უფრო მნიშვნელოვანია ეძებონ ისინი, ვინც ოპოზიციურ შეხედულებებს უჭერს მხარს, ადამიანების, რომლებიც მათი პოლიტიკური წყობისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. ჩვენ ვხედავთ, რომ დამნაშავეებს ახლა ციხიდან უშვებენ, აგზავნიან უკრაინაში მოსაკლავად, შემდეგ მათ იწყალებენ – და ისინი თავისუფლები არიან. ხოლო ისინი, ვინც სოციალურ ქსელში ეწინააღმდეგება ამ დანაშაულებრივ ომს, ხელისუფლება იჭერს და საზოგადოებისგან მის იზოლირებას ახდენს. ესე იგი მათთვის ისეთი ადამიანები, როგორიც მე ვარ დიდ საფრთხეს წარმოადგენენ.

—  როდის შეგეპარათ ეჭვი რუსეთის სამართალდამცავ სისტემასა და ხელისუფლებაში? 

პირველად ვიეჭვე ტელევიზიის გამო: 2000-იან წლებში მიხვდი, რომ იქ რაღაც ცუდს ამზადებდნენ. ჩემი გაბრიყვება ადვილი არ არის: ვხედავდი, რომ ტელევიზორში სურათი იცვლებოდა, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ის ჩემს გონებაშიც შეიცვლება. პირიქით, მე ვცდილობ რეალობა მივუსადაგო იმას თუ რას მაჩვენებენ. ბევრ ადამიანს ეს არ შეუძლია: ისინი აგრძელებენ НТВ -ს ყურებას, რომელიც წარსულში ნორმალური იყო – იმიტომ რომ იგივე ლოგო აქვს, იგივე წამყვანები, ადამიანი არ არის მიჩვეული რომ გააანალიზოს ის რასაც ეუბნებიან. 

მე ასევე ვხედავდი როგორ დეგრადირებდა სამართალდამცავი სისტემა, ჩემი ლიბერალური ხედვებით მასში დარჩენა და თან სინდისიც რომ არ მქენჯნიდა სულ უფრო ძნელი ხდებოდა. ისე არ მომხდარა, რომ ერთ დღეს მიმხვდარიყავი ჭეშმარიტებას, ეს თანდათან მოდიოდა და ვხვდებოდი რომ მომავალში კიდევ უფრო უარესად იქნებოდა ყველაფერი.

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური დანაშაულების გამოძიებით ვიყავი დაკავებული, მე ვხედავდი, რომ ადრე თუ გვიან ჩვენგანაც მოითხოვდნენ, რასაც ჩემი შეხედულებების გამო არ გავაკეთებდი.

თვალყურს ვადევნებში საპროტესტო აქციებს. პირველად მიტინგზე 2017 წელს გამოვედი და ეს ჩემმა უფროსობამ არ იცოდა – შვებულებაში ვიყავი და ჩერეპოვეცში გავემგზავრე. ამას არ ვამბობდი, იმიტომ, რომ მაშინვე გამათავისუფლებდნენ სამსახურიდან. არ ვხატავდი პლაკატებს, უბრალოდ ლოზუნგებს ვყვიროდი. 2019 წელს მონაწილეობა მივიღე მიტინგში მოსკოვში. გამოვედი, იმიტომ რომ მინდოდა იმ საზოგადოების წევრი ვყოფილიყავი, სამოქალაქო საზოგადოების. თავიდან მონაწილეობა ალბათ უფრო ჩემი თავისთვის მინდოდა და არა იმისთვის, რომ ვინმესთვის გვერდში დგომა მეჩვენებინა.

საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ დრო იყო სამსახურიდან წამოვსულიყავი. ჩემს შეჩერებას ცდილობდნენ, მთავაზობდნენ უფრო მაღალ თანამდებობას და სხვა განყოფილებაში გადაყვანას. მე უარი განვაცხადე.

— თქვენი თანამშრომლები რატომ აგრძელებენ მუშაობას პოლიციაში, და თქვენ რატომ ვერ შეძელით? ყველა მათგანი ხელისუფლების მხარდამჭერია? 

ვინ ამბობს, რომ ჩემი თანამშრომლები არ უყურებენ YouTube-ს და ყველაფერს ეჭვის თვალით არ ხედავენ? ვისთანაც მე ვმუშაობდი, მათ უმრავლესობას არ უყვარს ხელისუფლება და მას მხარს არ უჭერს. ისინი ჩუმად აკრიტიკებენ ხელისუფლებას, მაგრამ ვერ ამბობს ამას ღიად – ასეთი ადამიანი ბევრია. ამავდროულად არ ვიცი რატომ რჩებიან ისინი სისტემაში, რატომ უჯერებენ ხელმძღვანელებს, ამას ვერ ვიგებ. ალბათ იმიტომ, რომ მიეჩვივნენ ბრძანებების შესრულებას, მიეჩვივნენ ფიქრს, რომ ყველა ბრძანება უნდა ასრულდეს მიუხედავად მისი შინაარსისა. 

ვფიქრობ, მათი უმრავლესობას თავისი ადგილის გამო იკავებს თავს, ეშინია დაკარგოს ხელფასი, მიზერული პენსია. რუსეთში სამსახური ჭირს. სამოქალაქო პირისთვის ღირსეული ალტერნატივის პოვნა ძნელია. დიახ, მათ ეშინიათ ამის.

როდესაც პოლიციიდან წამოვედი, თანამდებობა შემომთავაზეს „სატურნის“ ქარხანაში – კორუფციასთან ბრძოლის განყოფილებაში. მე იქ იმდენად წარმატებული ვიყავი, რომ საწარმოს ხელმძღვანელის თანამდებობაზეც გავედი, შემდეგ რამდენიმე ფინანსური სქემის შესახებ გავიგე, ვფიქრობ ამან გამოიწვია ჩემი სამსახურიდან გათავისუფლება. მე მითხრეს: „იქ არ ჩაერიო, ოლეგ, ძალიან სახიფათოა ჩვენთვის“.

— 2021 წლის დეკემბერში თქვენ წითელ მოედანზე გამოხვედით პლაკატით „თავისუფლება ნავალნის. პუტინი – მკვლელია“. რამ გიბიძგათ ამ აქციაში მონაწილეობისკენ? 

ჩემზე ძალიან მოქმედებდა ალექსეი ნავალნის დაბრუნების ისტორია და მისი დაპატიმრება: ჩემთვის გადავწყვიტე, რომ  ყველა აქციაზე გამოვიდოდი და ვეცდებოდი მისი გათავისუფლებისთვის ბრძოლას – შევძლებდი საუბარს იმის შესახებ თუ რას ვფიქრობდი ხელისუფლებაზე, რომელიც მის მოკვლა ცდილობდა. 

მოსკოვის არჩევა იმიტომ გადავწყვიტე, რომ რაც შეიძლება უფრო მეტ ადამიანს ენახა ჩემი გამოსვლა, ეს სიმბოლური იყო. როგორც ამბობენ, ყველა რევოლუცია დედაქალაქში ხდება. მესმის, უნდა ჩანდეს, რომ პოლიციის თანამშრომლებს შორისაც ყველა ერთნაირი არაა, არიან ისინიც, ვინც ნავალნის უჭერს მხარს.

მე დამაკავეს, სამი საათით, ჩამომართვეს ფორმა, სახლში ერთი ჯემპრით წავედი. საბოლოო ჯამში მე დამნაშავედ მცნეს, დამაჯარიმეს 10 ათასი რუბლით.

ჩემი დევნა მანამდე დაიწყო სანამ ნავალნის მხარდამჭერ პირველ აქციაზე გამოვიდოდი. ეფესბეს თანამშრომელმა მაშინვე გამომიძახეს როცა ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი აქციაზე გამოვედი მოსკოვში. მაშინ ქარხანაში ვმუშაობდი, ჩემთან „პროფილაქტიკური“ საუბარი ჩაატარეს. მათ იცოდნენ, რომ მე ოფიცერი ვიყავი და ჩემზე თვალთვალი დაიწყეს, მემუქრებოდნენ კიდეც. სახლში მოდიოდნენ, დაშინებას და ჩემი მესინჯერის გატეხას  ცდილობდნენ.

იმ მომენტში ვფიქრობდი, რომ ყველაფერი საქმის აღძვრით დამთავრდებოდა. ვიაზრებდი რისკებს, მაგრამ არ მეგონა ამ პროტესტების გამო მათ ჩემი ციხეში ჩასმა მოუნდებოდათ.

სანდო წყაროსგან ვიცოდი, რომ ჩემით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაინტერესდნენ ზუსტად ნავალნის პირველი აქციის შემდეგ. მესმოდა, რომ ეს კარგად არ დასრულდებოდა. უკვე პირდაპირ მიანიშნებდნენ, რომ ექსტრემიზმის მუხლით გამასამართლებდნენ. ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილება ზუსტად ამ წნეხის გამო მივიღე.

— როგორ წამოხვედით ქვეყნიდან? 

მე 2022 წლის 12 თებერვალს გამოვფრინდი. ბილეთი სამი დღით ადრე ვიყიდე, სპეციალურად უცხოური ავიაკომპანიის რეისზე, დარწმუნებული ვიყავი, რომ რუსული კომპანიები ავიაბილეთების შეძენის შესახებ ინფორმაციას გადასცემენ. გასაფრენად შაბათი ავირჩიე, იმიტომ რომ მესმის, რომ პოლიციაში ჩვეულებრივი ხალხი მუშაობს, 50% ნაბახუსევზე იქნება, რეაგირებას არავინ მოახდენს. გვიან ღამით აეროპორტში მივედი. მივხვდი, რომ ეფესბეს „ყარაულმა“ სასაზღვრო კონტროლზე შემნიშნა. დიდხანს დამკითხავდნენ, მაგრამ რეისზე მოხვედრა მოვახერხე და გავფრინდი. ახლა ევროპაში ვიმყოფები, 25 თებერვალს საერთაშორისო დაცვა მივიღე. 

იმედი მქონდა, რომ დაბრუნდებოდი. მე იქ ოჯახი დამრჩა. მაგრამ მესმის, რომ ალბათ ეს მალე ვერ მოხდება.

— გახსოვთ 24 თებერვალი? იცოდით, რომ ომი დაიწყო?

როდესაც ევროპაში ჩავედი ძალიან დიდი ხანი არ მქონდა ინტერნეტზე წვდომა, თითქმის მთლიანად მოწყვეტილი ვიყავი გარე სამყაროს. ტელევიზორი ჩავრთე და ახალ ამბებს ვუყურებდი ჩემთვის უცნობ ენაზე. მესმოდა, რომ რაღაც სერიოზული ხდება, ჩემთვის ეს ემოციურად ძალიან რთული იყო – ბოლომდე დარწმუნებული ვიყავი, რომ პუტინი ომს არ დაიწყებდა. 

ახლა გაჩუმება არ შემიძლია – ჩემს ტელეგრამ არხზე ვწერ და ვიდეოებს ვიღებ. ჩემი აზრით, ახლა გაჩუმება – ეს იმასთან თანხმობაა, რაც უკრაინაში ხდება. რა არის ეს თუ არა ომი? სპეცოპერაცია – ეს როდესაც პუტინს უკან დასდევს სპეციალურად გადამზადებული ადამიანი ჩემოდნით და მის ექსკრემენტებს აგროვებს. ის რასაც ეს ადამიანი უკრაინას უშვებს – ეს ყველაზე ნამდვილი დანაშაულებრივი ომია.

ჩემი შეხედულების გაზიარებას ვცდილობ ადამიანებისთვის, ვცდილობ შევცვალო მათი აზრი, ვინც ზომბად გადაიქცა. ზოგიერთმა ადამიანმა შოკში ჩამაგდო – როგორც აღმოჩნდა, მათ მხარი დაუჭირეს ომს. მინდა ვთქვა, რომ ჩემს ნაცნობებს შორის აღმოჩნდნენ ისეთები ვისთვისაც მე მოღალატე გავხდი. ბევრმა შემომიტია როდესაც ანტისაომარ პოსტებს ვწერდი, ჩემმა ბავშვობის მეგობარმა, რომელთან ერთადაც სკოლაში ვსწავლობდი, მომწერა: „ოლეგ, მე და შენ ერთ პურს ვჭამდით, ახლა კი შენ ასეთი გახდი…“ – შემდეგ ბევრი უწმაწური სიტყვა იყო. ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა ასევე დაწერა: „ოლეგ, შენ ალბათ გაგიჟდი. რა ომი? რა სისულელეს როშავ“.

ვფიქრო, ბევრი უჭერს მხარს ომს, იმიტომ, რომ ზომბირებულია პუტინის პროპაგანდით. თუკი რაღაც მომენტში პროპაგანდას გამოვრთავთ მთლიანად და მთავარ არხებზე ჩავრთავთ რეალურ მოვლენებს, ვფიქრობ, ხუთი დღის შემდეგ არც ომი და არც რეჟიმი აღარ იქნება. პროპაგანდა – ეს რეალური დიდი საფრთხეა, ახლა ის უბრალოდ კლავს.

— წარმოგიდგენიათ, რომ თქვენ შესაძლოა მაინც მოგიწიოთ 8 წლის გატარება რუსეთის ციხეში? 

— ამის წარმოდგენა რთულია, მაგრამ რაღაც მომენტი მივხვდი, რომ მე მზად ვარ ციხეში ჩავჯდე ჩემი შეხედულებების გამო.  ვფიქრობ, იმის გათვალისწინებით, რომ მე ციხეში არა მოპარული ნივთების ან მკვლელობის არამედ ჩემი შეხედულების გამო ვიჯდები, მე შევძლებდი სასჯელის ბოლომდე გატანას ისე, რომ არ გავტყდებოდი. ახლა ამას ისეთ დროს ვამბობ, როცა უკვე უსაფრთხოდ ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩემს თავს არ ვუღალატებდი, არ წავიდოდი ამ რეჟიმის მხარეს – ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები