აზერბაიჯანელი სარვარ ბაშირლი იმ ფოტოს გმირია, რომელმაც მთელი სოციალური ქსელი დაიპყრო. ფოტოზე ის თურქეთის დასახმარებლად დატვირთული, დამტვრეული ავტომობილით მიიჩქარის.
34 წლის ახალგაზრდა, რომელიც ბაქოსთან ახლოს ცხოვრობს – ერთ-ერთი იმ მრავალი აზერბაიჯანელთაგანია, რომელმაც თურქეთის დასახმარებლად ძალ-ღონე არ დაიშურა.
სარვარი თავისი ძველი მანქანით დახმარების ყველა მსურველთან მიდის და ნივთებს აგროვებს მეზობელი ქვეყნის დასახმარებლად. ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებაში ბაშირლის ორი ბიძაშვილი ეხმარება.
„მე დავაორგანიზე თბილი ტანსაცმლისა და სხვა საჭირო ნივთების შეგროვება დაზარალებული ხალხისთვის. ეს ისაა, რისი გაკეთებაც მე შემიძლია. დახმარება დღესაც გრძელდება. ახლობლები და ნაცნობები მიკავშირდებიან, რომ მათ მიერ მომზადებული ნივთების მიწოდებაში დავეხმარო. მე ამ ნივთებს ვაგროვებ. დიახ, ჩემი ავტომობილი ძველია, მაგრამ მე ამას სუფთა გულით ვაკეთებ. ჩვენი ვალია, მოძმე ქვეყანას დავეხმაროთ“, – ამბობს სარვარი.
მისი ბიძაშვილი, ასევე, აქტიურად არის ჩართული აქციაში, რომელსაც სარვარი უწევს ორგანიზებას:
„ჩვენ ვაკეთებთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ხელშია, იმისთვის, რომ თურქეთს დავეხმაროთ. მთელი აზერბაიჯანი თურქეთის გვერდით დგას“, – აცხადებს ის.
Доброволец из Азербайджана продолжает сбор помощи для зоны бедствия в Турции https://t.co/SJnbqzGRc8 pic.twitter.com/vhIAjxcKds
— ANADOLU AGENCY (RU) (@aa_russian) February 11, 2023