„სახლი კანფეტების ყუთივით ირხეოდა“ – გაზიანთეფში მცხოვრები ქალი ჰყვება, თუ როგორ გადაიტანა მიწისძვრა

უკრაინელი მარია თურქეთში, გაზიანთეფში ცხოვრობს და მუშაობს. ქალაქში, რომელიც მიწისძვრის ერთ-ერთი ეპიცენტრი გახდა. ის BBC News უკრაინას მოუყვა, თუ როგორ გაიღვიძა 6 თებერვალს, დილის 4 საათზე. მისი სახლი მთლიანად ზანზარებდა.

„ერთი წამით მეგონა, რომ ისევ უკრაინაში ვიყავი და ეს აფეთქებები იყო. მერე კი მივხვდი, რომ ეს მიწისძვრაა“, – ამბობს მარია.

მის სამუშაო ადგილზე რეგულარულად ატარებენ ტრენინგებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მიწისძვრის დროს, ვინაიდან თურქეთი სეისმურად ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ზონაში მდებარეობს, სადაც, ადგილობრივების თქმით, მიწისძვრა ყოველ ორ წელიწადში ერთხელ მაინც ხდება.

მთავარი რჩევა ასეთ დროს – გახვიდე გარეთ, თავისუფალ სივრცეში.

მიწისძვრის დროს მარიამ ხელი მოჰკიდა თავის ფეხსაცმელს, ქურთუკს და ქვემოთ მცხოვრები მეზობლები გააღვიძა. მათთან ერთად,. ახლომდებარე სახლებიდან სხვა ადამიანებიც გამორბოდნენ. მარია იხსენებს, რომ „სახლი კანფეტების ყუთივით“ ირხეოდა და ხალხი, დაპანიკებული, აქეთ-იქით დარბოდა.

მარიას თქმით, მიწისძვრის ორი ძლიერი ტალღა იყო, მესამე- ცოტა უფრო სუსტი. ტალღებს შორის პერიოდში მარიამ სახლში შერბენა მოასწრო, აიღო ტელეფონი და საბუთები.

„ყველა პარკში იდგა. სამი საათის შემდეგ სახლში დავბრუნდით იმიტომ, რომ დავსველდით და შეგვცივდა“, – იხსენებს მარია გასული ორშაბათის დილას.

მისი სახლი ნგრევას გადაურჩა, მაგრამ კედლები დაბზარული დახვდა. სახლში არაა ელექტროენერგია, მაგრამ გაზის მილსადენები გადარჩა და წყალიც მიეწოდებათ.

ქალაქში რამდენიმე სახლი მაინც დაინგრა – ერთ-ერთი სახლი, რომელიც ჩამოინგრა, მარიას სამსახურთან ახლოსაა. მას ნაცნობები და ახლობლები უყვებიან მათი სახლების ნგრევის შესახებ.

მხოლოდ საცხოვრებელი რაიონები არ დაზარალებულა – უძველესი სასახლის, დაახლოებით II – III საუკუნის  ნაგებობას, რომელიც იუნესკოს არქიტექტურულ ძეგლს მიეკუთვნება, მიწისძვრის შედეგად კედლის ნაწილი ჩამოენგრა.

მარიას თქმით, თავად თურქები, რომლებიც გაზიანთეფში ცხოვრობენ, ვერ იხსენებენ ასეთ ძლიერ მიწისძვრას. ბოლოს ასეთი რამ 1999 წელს მოხდა, იზმითში, როდესაც, ოფიციალური მონაცემებით, 17 ათასი ადამიანი დაიღუპა.

თავად მარიამ თურქეთში ყოფნის მანძილზე რამდენიმე მიწისძვრა გადაიტანა, მაგრამ ყველა მათგანი თითქმის შეუმჩნეველი იყო.

„ეს ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ლვოვში, კაფეში ზიხარ, ხოლო მოედანზე ტრამვაიმ ჩაიარა. შენ მათ გრძნობ, მაგრამ იცი, რომ უნდა გახვიდე გარეთ, ნახევარი საათი დადგე, შეაფასო ვითარება და უკან დაბრუნდე“, – ჰყვება ქალი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები