„ხატვა განსაკუთრებული ჰობია, რადგან ჩემი ბავშვობის საუკეთესო მეგობარია“

გარდაბნის რაიონის სოფელ ქესალოში დაიბადა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ ენაში  მომზადების საგანმანთლებლო პროგრამაზე სწავლობს. შარშან დაამთავრ ტექნიკური უნივერსიტეტის იგივე  პროგრამა. სამომავლოდ, სამედიცინოზე ჩაბარებას აპირებს, ექიმობა მისი ოცნებაა.
ამბობს, რომ ხატავს ბავშვობიდან და განსაკუთრებით პორტრეტების ხატვა უყვარს, ადამიანის ემოციების დანახვა და გადმოცემა.
ხატვა განსაკუთრებული ჰობია, რადგან ჩემი ბავშვობის საუკეთესო მეგობარია. – თვითნასწავლი მხატვრის, სევჯან ქარიმოვას პერსონა.

–  დავიბადე გარდაბნის რაიონის სოფელ ქესალოში, ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.
მიყვარს იქ ყოფნა, სადაც სითბო, სიყვარული და გულღია ხალხია. ხატვაში თვითნასწავლი ვარ. ბავშვობიდანვე ვხატავდი, ფანქრები იყო ჩემი მეგობრები, ბავშვობაში უფრო მეტად ფერად ნახატებს ვხატავდი, მომწონდა ცხოველების, ბუნების ხატვა, სხვათა შორის ახლაც ძალიან მიყვარს ბუნება.
– სკოლის პერიოდი…
–  2021 წელს დავამთავრე ქესალოს საჯარო სკოლა. მეცხრე კლასამდე ვსწავლობდი ქართულ სექტორზე, მეცხრე კლასის შემდეგ კი აზერბაიჯანულ სექტორზე გადავედი, რადგან სკოლაში მეცხრე კლასის შემდეგ ქართული სექტორი აღარ იყო.მეცხრე კლასამდელი პერიოდი სულ მენატრება, ჩემი მეგობრები, ქართველი მასწავლებლები, მათთან ერთად გატარებული ყოველი  წუთი ჩემთვის დაუვიწყარი იქნება. ყველა საგანი მიყვარდა და ვსწავლობდი.
– ხატვა შენი ჰობია… უფრო მეტად პორტრეტების ხატვა გიყვარს….
– ხატვა, მართლაც, ჩემი ჰობია. პორტრეტების ხატვა მიყვარს, რადგან  ჩემთვის საინტერესოა ადამიანების ემოციები და ვფიქრობ, კარგად ვხედავ მათ ბედნიერებას და მწუხარებას, ხან როგორი სახე მომწონს, ხან – როგორი,  მოხუცების სახეზე  ყველა მიმიკა,  ნაოჭი, რომლებიც მათი ცხოვრების მანძილზე მათთან ერთად არიან. ასევე – ბავშვებიც, რომლებიც ყველაფერს კარგად და ზუსტად ხედავენ, ბავშვობიდანვე გრძნობენ ყველანაირ ბედნიერებასა თუ უბედურებას.
– ვისი პორტრეტები დახატე?
– მეგობრების, ოჯახის წევრების, ასევე  რამდენიმე ქართველი მწერლის დაახლოებით 300-400  პორტრეტი დავხატე. გამოვყოფდი  შოთა რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის, სულხან- საბა ორბელიანის პორტრეტებს.
–  პორტრეტს ფანტაზიით ქმნი თუ რეალურ პიროვნებებს ხატავ?
–  უფრო მეტად  რეალურ პიროვნებას ვხატავ, მაგრამ ხანდახან  ფანტაზიით ვხატავ.
– გრაფიკული ჩანახატების ხატვა გირჩევნია თუ საღებავებს უფრო ანიჭებ უპირატესობას?
– გრაფიკული ნახატების ხატვა მირჩევნია, ვხატავ შავი და თეთრი ფერებით, როგორც ამბობდა ნიკო ფიროსმანი: „მე ვხატავ შავი და თეთრი ფერებით…. ბოროტება შავია, ცხოვრების სიყვარული კი — თეთრი”, მაგრამ, ამის მიუხედავად, ფერადი ნახატების ხატვაც მსიამოვნებს.
– ტექნიკურ უნივერსიტეტში მოსამზადებელ განყოფილებაზე სწავლის დროს გაიმარჯვე კალიგრაფიის კონკურსში. ახლახან კი შენი ნამუშევრები ტექნიკურ უნივერსიტეტში გამოიფინა, როდესაც საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დღე აღინიშნა…
–  საერთოდ არ ველოდებოდი კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებას და გაოცებული დავრჩი, პირველ ადგილზე რომ გავედი. იაკობ გოგებაშვილის პორტრეტი დავხატე.
– გაგვაცანი შენი ოჯახის წევრები, ხატვა კიდევ ვის უყვარს?
–  დედა, მამა და  ძმა. დედაჩემი ჩემი ცხოვრების მთავარი გმირია, ის ჩემი საუკეთესო მეგობარია. მამაჩემი – ადამიანი, რომელიც ყოველთვის მხარში მიდგას. არ ვიცი, სიტყვებით როგორ გადმოვცე… მამაც არის, ძმაკაციც.
მაქვს თბილი ოჯახი, ისეთი სითბო, რომელიც სხვაგან ვერსად  ვიპოვე. ძმა ჩემზე უმცროსია, სწავლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, ჩემთვის ამქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანი ჩემი ოჯახის სიხარულია.
მამაჩემი სულ მეუბნება, რომ მეც ბავშვობაში მიყვარდა ხატვა და კარიკატურებს ვხატავდიო, ბაბუაჩემს კი ლამაზი კალიგრაფია ჰქონდა, მაგრამ არცერთს, ჩემსავით, სპეციალური სამხატვრო განათლება არ მიუღიათ.

– ჰობი…
– მომწონს ხელნაკეთი სამკაულების დამზადება, მოგზაურობა, სურათების გადაღება, მუსიკის მოსმენა, ჯომარდობა, ფილმების ყურება, ცეკვა და სხვა.
– სამომავლო გეგმები…
– უამრავი სამომავლო გეგმა მაქვს,  უამრავი ოცნება. ახალი უამრავი ნახატი მინდა დავხატო და მომავალში სპეციალური სამხატვრო განათლებაც მივიღო.

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები