ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში ჯიქიების ოჯახის წევრების დაკითხვა დასრულდა

ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში ჯიქიების ოჯახის წევრების დაკითხვა დასრულდა, რომელთა სახლში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუა დააკავეს.

ადვოკატის თქმით, ომიანე ჯიქია და მისი ცოლ-შვილი დაკავებული არ არიან.

„დაკითხეს და დღეს გაუშვეს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ახლა სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. ამ ეტაპზე მათი დაკავება მოსალოდნელი არ არის, არც ბრალია წაყენებული. აქ იმყოფებოდნენ როგორც მოწმეები“, – განაცხადა დავით ჩხოტუამ.

ჯიქიების ოჯახის სამივე წევრი პოლიციამ დაკითხვაზე მათ სახლში ჩატარებული სპეცოპერაციისა და ჩხრეკის შემდეგ გადაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა დღეს დილით, სოფელ ჯიხაშკარში, ჯიქიების საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

ესებუას პოლიცია 2 წელი მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებდა. მას ბრალი 4 მუხლით, მათ შორის, ტერორიზმის, დაუსწრებლად წაუყენეს. სასამართლო პროცესები ამ პერიოდის განმავლობაში გრძელდებოდა. მომდევნო სხდომა 20 თებერვალსაა დანიშნული.

ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა, სადაც მან მძევლები აიყვანა და მოთხოვნების შესრულების შემდეგ მიიმალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები