პარლამენტის თავმჯდომარე სტეფან ოპრეას შეხვდა
რუმინეთში ვიზიტად მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად რუმინეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს, სტეფან ოპრეასა და მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. სტეფან ოპრეამ აღნიშნა, რომ მეგობრობა შეიძლება პარტნიორობად იქცეს.
,,გვჯერა, საქართველოს დიდი რესურსი და პოტენციალი აქვს და მისი გონივრული და სწორი გამოყენება უნდა მოხდეს“, – განაცხადა რუმინეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დიდი მადლობა გადაუხადა სტეფან ოპრეას გულთბილი მიღებისთვის. მან აღნიშნა, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება საქართველოს პირველ რიგში იმაში დაეხმარება, რომ ევროპელ მეგობრებს უკეთ დაანახოს ქვეყნის შესაძლებლობები და რესურსები. ,,გვჯერა, რომ საქართველო შეიძლება უფრო აქტიური იყოს. მიუხედავად იმისა, რომ იგი რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაშია, ჩვენ ჩვენი რესურსი გაგვაჩნია. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი შესაძლებლობების უკეთ გამოყენებაში, პირველ რიგში, შავი ზღვის აუზის ქვეყნები დაგვეხმარებიან, რადგან ისინი ჩვენი უშუალო მეზობლები და მეგობრები არიან“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შეხვედრაზე მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის მრავალმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და ნაყოფიერი გახდება.
ქართული მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი პაატა ბარათაშვილი, რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი გიორგი წერეთელი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში ილია გიორგაძე.