საჩხერეში მოსახლეობასთან შეხვედრები თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება
საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები იმართება, – ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, დღეს მუნიციპალიტეტის მერი – ლევან ივანაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე – გაგა დარბაიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები სოფლების; ივანწმინდის, მერჯევის, გამოღმა არგვეთისა და გორისის მოსახლეობას შეხვდნენ.
“მერჯევში მოსახლეობამ სამი საპროექტო წინადადება გააჟღერა: 1. სასაფლაოსკენ მიმავალი გზის კეთილმოწყობა; 2. ცენტრალურ გზაზე გარეგანათების მოწყობა და 3. მოსაცდელები. ხმების უმრავლესობა სასაფლაოსკენ მიმავალი გზის კეთილმოწყობამ მიიღო.
ივანწმინდაში სამი წინადადება განიხილეს: 1. დეკანოიძეების საუბნო გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა; ქავთარაძეების უბანში ფანჩატურის მოწყობა და 3. ცენტრალურ გზაზე გარეგანათების მოწყობა. მოსახლეობამ დეკანოიძეების საუბნო გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობას დაუჭირა მხარი.
გამოღმა არგვეთში თურმანიძეების წყაროს მიმდებარე ტერიტორიის და სასაფლაოსკენ მიმავალი ბილიკის კეთილმოწყობას შორის მოსახლეობამ არჩევანი წყაროს მიმდებარე ტერიტორიის მოწყობაზე შეაჩერა.
გორისაში სკვერში ტრენაჟორების მონტაჟი გადაწყდა.
პროექტების შესარჩევად თვითმმართველობის მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარე თვის ბოლომდე გაგრძელდება და ის ყველა სოფელს მოიცავს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.