მარტვილის მერია: სოფელ ბანძაში საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
მარტვილის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
“მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა – თორნიკე ჯანაშიამ, მერის მოადგილემ – გივი ელიავამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ – კობა დარჯანიამ დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში, აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი.
პროექტის ღირებულება 4 391 388 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ABEKA LLC & ARCHTRADE LLC“ ასრულებს.
აღსანიშნავია, რომ საბავშვო ბაღის მშენებლობა ასევე მიმდინარეობს დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში.
საბავშვო ბაღების მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება”, – ნათქვამია მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.