ერაყის გავლით სირიაში მიმავალ ირანის ავტოკოლონას, რომელსაც იარაღი გადაჰქონდა დრონებიდან სარაკეტო იერიში გაუხსნეს.
ტელეარხის Al-Arabiya-ს ცნობით, სატვირთო მანქანებმა ერაყ-სირიის საზღვარი სარკინიგზო ლიანდაგის გვერდით მდებარე „არაოფიციალური“ გადასასვლელით გადაკვეთეს, რომელსაც “ჰეზბოლა” აკონტროლებს.
ჟურნალისტები წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ კოლონას ცეცხლი სირიის ტერიტორიაზე შესვლისთანავე გაუხსნეს. ამავდროულად, დრონმა ჯერ გამაფრთხილებელი რაკეტები გაისროლა, დაელოდა სანამ მძღოლები სატვირთო მანქანებს დატოვებდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო პირდაპირი იერიში.
სირიის ადამიანის უფლებათა ცენტრმა, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ 6 სატვირთო, რომლებსაც ირანული იარაღი გადაჰქონდა, სამი აფეთქებით განადგურდა. სხვა წყაროების თანახმად, განადგურებულია 25 სატვირთო მანქანა.
ირანის სამხედრო ობიექტზე იერიში ორი დღის წინაც მოხდა. ქალაქ ისპაჰანში განთავსებულ სამხედრო ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა.
The Wall Street Journal-მა დაწერა, რომ ისპაჰანში საჰაერო თავდასხმის უკან, ისრაელი იდგა, რომელიც სერიოზული ზიანის მიყენებას არ აპირებდა, მაგრამ სურდა ეჩვენებინა, რომ დროა ირანმა შეწყვიტოს სირიის იარაღით მომარაგება, წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტი ირანის ტერიტორიაზე გადავა.
ამერიკის ხელისუფლებამ ოფიციალურად განაცხადა, რომ არაფერი აქვთ საერთო ერაყის საზღვარზე, სირიისკენ მიმავალ კოლონაზე თავდასხმასთან.