„ნატოს სამხედრო კომიტეტის შეფასება მნიშვნელოვანი იქნება“
ნატოს სამხედრო კომიტეტის შეფასება ნატოს მომდევნო სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან დღეს განაცხადა. “სამხედრო კომიტეტის ვიზიტი ხვალ დაიწყება. ძალიან მნიშვნელოვანია იმით, რომ შეფასდება ჩვენი სამხედრო რეფორმირების სტრატეგია. შეფასდება ის ნაბიჯები, რაც საქართველომ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში გადადგა და დიდი იმედი და ფრთხილი ოპტიმიზმი მაქვს, რომ ეს შეფასებები უმაღლესი იქნება, რადგან ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ნატოს შეფასებები კეთდება. ბოლო წლების განმავლობაში და ყოველთვის ვიღებთ მაღალკვალიფიციურ არა მარტო შეფასებას, არამედ მხარდაჭერას. ნატ-ს სამხედრო კომიტეტი არ არის პოლიტიკური ორგანო. არ იღებს გადაწყვეტილებას გაფართოების შესახებ, მაგრამ ყველას გვესმის, რომ მათი შეფასება იქნება დიდი ფაქტორი ნატოს მომდევნო სამიტზე ჩვენთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ ამერიკელი კონგრესმენები შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჯონ ქერის ნატოს 2014 წლის სამიტთან დაკავშირებით წერილით მიმართავენ. კონგრესმენები მოუწოდებენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მჭიდრო თანამშრომლობა გააგრძელოს ნატოს ასპირანტ ქვეყნებთან, კერძოდ, საქართველოსთან, მაკედონიასთან, მონტენეგროსა და ბოსნია ჰერცეგოვინასთან, ასევე, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან, რომლებსაც აშშ-სა და ნატოსთან ახლო ურთიერთობების დამყარება სურთ. კონგრესმენები მიესალმებიან აშშ-ის ძალისხმევას, სამიტზე პრიორიტეტად ნატოს გაფართოების პერსპექტივა აქციოს.