დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის ფაკულტეტი, ბავშვობიდან აინტერესებდა ხატვით, თუმცა მაინც სხვა პროფესია არჩია.
მუშაობდა სხვადასხვა სფეროში, მაგრამ მიხვდა, რომ საყვარელი საქმე ხატვაა. უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ხატავს.
მისი ნახატებიდან დადებითი ენერგია და სიმშვიდე მოდის, ულევი ფანტაზია ჯადოსნურ სამყაროში გამოგზაურებთ…
„სიჭრელე და პოზიტიური ფერები ჩემს ხასიათს ძალიან შეეფერება, არ მიყვარს მონოტონური, ჩამქრალი ფერები“, – თვითნასწავლი მხატვრის, თინა ნინუას პერსონა.
– პატარაობიდანვე უზომოდ მიყვარდა ხატვა, დავჯდებოდი ჩემთვის დიდ მაგიდასთან, სულ მქონდა სახატავი რვეულები და ბევრი ფანქარი. ვხატავდი ბუნებას, უფრო მეტად მიყვარდა რაღაც სიტუაციების დახატვა. ასევე სკოლაშიც, ჩანთაში სულ მედო ჩანახატების წიგნაკი და იმ მომენტში უცბად ჩავხატავდი ხოლმე მასწავლებლის ან კლასელის პორტრეტს. ეს ყველაფერი იმ თავიდანვე დიდ სიხარულს მანიჭებდა.
– საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრეთ… სხვა პროფესია აირჩიეთ, მაგრამ პარალელურად ხატავდით…
– სიმართლე გითხრათ, ძალიან მინდოდა სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება, მაგრამ მშობლების რჩევით მაინც სხვა მიმართულება ვარჩიე, დავამთავრე ინფორმატიკის ფაკულტეტი.
მართალია სტუდენტობის პერიოდშიც ისე ხშირად ვერ ვახერხებდი ხატვას, მაგრამ პორტრეტების ჩანახატები მაინც იქმნებოდა.
– ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად მისდევთ ხატვას… ნაზი ჭრელი ფერებით დადებით განწყობას ქმნით… როგორ მოდის „ჭრელი“ განწყობა, შთაგონება?
– როგორც აღვნიშნე, ჩემი ხატვის პროცესი უფრო პორტრეტებით დაიწყო, უამრავი პორტრეტი შეიქმნა, რამდენიმე წლის წინ აქტიურად დავიწყე პორტრეტებზე შეკვეთების მიღება, შემდეგ მივხვდი, რომ მინდოდა მეხატა არა მარტო პორტრეტები, არამედ რაღაც უფრო მეტი, რაც ჩემი გულიდან მოდის და ზუსტად სიჭრელე და პოზიტიური ფერები ჩემს ხასიათს ძალიან შეეფერება, არ მიყვარს მონოტონური, ჩამქრალი ფერები,
არცერთ თემაზე შეჩერება… მუდმივად ახლის ძიებაში ვარ. თუნდაც გაცრეცილ ნახატზე ვცდილობ, სიჭრელე შევიტანო.
– გვერდზე – Tina Ninua’s Art გამოქვეყნებულ ნახატებს ინტენსიურად ეხმაურებიან… მოსწონთ: „ულამაზესია, სურნელიც ვიგრძენი“, „სიმშვიდე მოაქვს“, „ძალიან ცოცხალია“… – წერენ კომენტარებში…
– ძალიან დიდი მადლობა უნდა ვუთხრა ამ ხალხს, ვინც ამდენი წლის განმავლობაში დაუღალავად ადევნებს თვალს ჩემს შემოქმედებას, გამოთქვამს თავის აზრს, ეს ძალიან დიდი სტიმულია ნებისმიერი ხელოვანისთვის. ვფიქრობ, ტყუილად არ ვშრომობ და ეს მაძლევს უფრო მეტ ძალას, შევქმნა ახალ-ახალი ნახატები. როგორც აღვნიშნე, ალბათ მოსწონთ ჩემი პოზიტიური ფერები.
– დღეს მრავალი თვითნასწავლი მხატვარია. როგორ უნდა მოახერხოს მხატვარმა, საკუთარი ხელწერა ჰქონდეს, რაც სხვათაგან გამოარჩევს?
– რადგან არსად მისწავლია, ვფიქრობ, პრაქტიკასთან ერთად, დროთა განმავლობაში მხატვარს უყალიბდება თავისი სტილი და მანერა, მიუხედავად მრავალფეროვანი თემებისა, უთქვამთ, რომ ნახატს მაშინვე ცნობენ, რომ ჩემია, რაც უდავოდ სასიამოვნოა.
– რამდენად აძლევს სტიმულს მხატვარს სოციალურ ქსელში პოპულარობა შემოქმედებით წარმატებაში?
– ნებისმიერ ხელოვანს სტიმულის აძლევს საზოგადოება, ერთი სიამოვნებაა, როცა ქმნი რაღაცას და შენს სულს კვებავ, მეორე დიდი სიამოვნებაა, როცა ხალხი ამას გიწონებს. რა თქმა უნდა, დიდი სტიმულია, რომ შემდეგ კიდევ უფრო განვითარდე.
– ერთ ინტერვიუში შინაგანი სამყაროს მრავალფეროვნებას მხატვრისთვის უმთავრეს ფაქტორად ასახელებთ… მაგრამ ზოგისთვის მუზა უფრო არსებითია… ის წამი თუ განწყობა, რაც უეცრად მოდის და იქმნება ტილოები…
– ახლაც იმავეს ვფიქრობ: იმდენად მიყვარს მრავალფეროვნება, ზუსტად ეს არის ჩემი მუზის გამოძახილი, ერთ თემაზე არ ვჩერდები.
იდეა ჩემი ნახატების უმეტესობისა უცბად მოდის და მაშინვე ვცდილობ, დეტალურად ჩაწერას, იმ მომენტში როგორ წარმომიდგენია, ალბათ ყველა მხატვარს თავისი მიდგომა აქვს.
– ჰობი…
– თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი საყვარელი ჰობი ყოველდღიურ საქმედ ვაქციე, ყოველდღე სამსახურში ვარ… რა არის იმაზე დიდი ბედნიერება, როცა აკეთებ იმას, რაც სიამოვნებას განიჭებს.
– რამდენად გვერდით გიდგათ ოჯახი, რომ წარმატებული იყოთ საყვარელ საქმეში?
– თავიდან ეგონათ, რომ ეს მხოლოდ ჰობი იყო, თუმცა წლების განმავლობაში ძალიან დიდ სტიმულს მაძლევენ ოჯახის წევრები და მეგობრები. მოსწონთ ის, რასაც ვაკეთებ…
– გამოფენები, სამომავლო გეგმები…
– არ მიყვარს დაგეგმვა, სპონტანურობა უფრო მხიბლავს…
თამარ შაიშმელაშვილი