საჩხერის თეატრის დასმა სპექტაკლი „ნატვრის ხე“ წარმოადგინა
საჩხერის კულტურის ცენტრში პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის თეატრის დასმა გიორგი ლეონიძის შემოქმედების მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ნატვრის ხე“ წარმოადგინა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და თეატრალური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია გიორგი მეტონიძე, მუსიკალური გამფორმებელი – ლიკა დარბაიძე, ქორეოგრაფი – ბუბა სავანელი.
სპექტაკლის პრემიერა გაიმართა 2022 წლის ივნისში, ფესტივალზე „თეატრალური იმერეთი“ და ნომინაცია – „საუკეთესო სცენოგრაფია“ – სწორედ ამ წარმოდგენამ მიიღო.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 20 დეკემბერს პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის თეატრმა სეზონი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით შეძენილი ახალი სასცენო განათებით გახსნა.
საქართველოს კულტურის სამინისტრო, 2021 წლიდან, არაერთი კონკურსისა და ღონისძიების მეშვეობით ხელს უწყობს მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში მოქმედ კულტურის სახლებში არსებულ თეატრალურ დასებს. უფრო მეტიც, 2022 წლის 22 დეკემბერს სამოყვარულო და სახალხო დასებისა და კერძო თეატრებისთვის კულტურის სამინისტრომ სიღნაღის მუნიციპალიტეტთან ერთად „სიღნაღის თეატრალური ფესტივალი“ დააფუძნა.
თეატრალური ფესტივალი სიღნაღში ყოველწლიურად ივნისის თვის ბოლოს ერთი კვირის განმავლობაში გაიმართება. ფესტივალი სამინისტროს, სიღნაღის მუნიციპალიტეტისა და კერძო დონორების ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდება.
ფესტივალის მიზანია ქვეყანაში სამოყვარულო ან/და სახალხო დასების, რომელთაც არ გააჩნიათ დამოუკიდებელი იურიდიული სტატუსი, მხარდაჭერა და ქართულ თეატრალურ სამყაროსთან მათი ინტეგრაცია; კერძო თეატრების მხარდაჭერა; საქართველოში თეატრალური პროცესების წახალისება და ხელშეწყობა; ქ. სიღნაღის კულტურულ-შემოქმედებითი მიზიდულობის ცენტრად ჩამოყალიბების ხელშეწყობა და თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია.
ფესტივალში მონაწილეობა შეუძლიათ: საქართველოში მოქმედ სამოყვარულო ან/და სახალხო (მათ შორის, კულტურის სახლებთან არსებული) დასებს; იმ სახელმწიფო და კერძო სამართლებრივი სტატუსის მქონე პროფესიულ თეატრებს, რომელთაც აქვთ/ექნებათ სამოყვარულო/სახალხო დასებთან/თეატრებთან ისეთი ერთობლივი ნამუშევარი, სადაც ყველა სუბიექტი თანაბრად არის წარმოდგენილი, ან წამყვანი სამოყვარულო/სახალხო თეატრი/დასია.