„ელენე ახვლედიანთან დიდმა ბებიამ წამიყვანა“ – 40 წლის შემდეგ „ნაპოვნი“ ხატვა, ფერებთან საუბარი და ისიც, რომ… არაფერი ხდება შემთხვევით

დაიბადა  თბილისში.  5 წლის ასაკში  იმდენს   ხატავდა, რომ  დიდმა ბებიამ აიღო მისი ნახატები და  ძველ მეგობართან – ელენე ახვლედიანთან მიიყვანა…
„რას ფიქრობ, ელიჩკა, მხატვარი გამოვაო“? ახლა მეცინება, 5 წლისას ისეთი რა უნდა დამეხატა, ახვლედიანს რომ ეთქვა, მხატვარი იქნებაო. ვნახოთო, – უპასუხა… ისინი საუბრობდნენ, დავდიოდი ოთახში და კედლებზე გამოფენილ ნახატებს ვათვალიერებდი“…
მას შემდეგ გავიდა ხანი, სულ სხვა პროფესია აირჩია… პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრა… მაგრამ წლების შემდეგ, ისევ დაუბრუნდა ხატვას, ამჯერად – სამუდამოდ…
„არასოდეს თქვათ უარი თქვენს საყვარელ საქმეზე, დღეს ვხვდები, რომ ზუსტად ფერებთან საუბარია ჩემი მოწოდება,  საკუთარი თავის რეალიზება. მართალია, ჩემი სპეციალობით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო ინსტიტუტში  20 წელი ვიმუშავე, ახლა ვხვდები, ხატვაა ჩემთვის ზუსტად სულის სიმშვიდეც და მისწრაფებაც“… – მაია მეჭურჭლიშვილის პერსონა.

–  ახლაც ძალიან კარგად მახსოვს..  არდადეგების დროს ჩავდიოდი თელავში,  პაპა-ბებიასთან. სკოლის პერიოდში ვერ ვახერხებდი ხატვას ისე, როგორც მინდოდა. ჰოდა, მთელი ზაფხული ან ვკითხულობდი ან ვხატავდი. ერთხელაც  ვიპოვე ძველი რემონტის შემდეგ დარჩენილი თეთრი ზეთის საღებავი,  ავურიე გუაში და მივიღე სხვადასხვა ფერი… მთელი ზაფხული  ვხატავდი. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომელიც წარჩინებით დავამთავრე. ხატვა? ხატვას ვეღარ ვახერხებდი და ბავშვურ გატაცებად ჩავთვალე.  40 წელი ფუნჯი ხელში აღარ მჭერია.
– ხატვას  40-წლიანი განშორების შემდეგ ისევ დაუბრუნდით…
–  ხატვის სურვილი ხშირად მქონდა  და როცა ჩემმა ქალიშვილმა ციფრებით ხატვის ნახატი მომიტანა, დამიხატეო, ერთი ამოსუნთქვით ერთ ღამეში დავხატე. ეს იყო ბედნიერების საათები, ფერებთან და საღებავებთან შეხების ბედნიერება. ვიგრძენი, როგორი თავისუფალი იყო გონებაც და გულიც…
– პირველი ნახატები…
– ჩემი პირველი ნახატები იყო: თამარ მეფე, წმინდა ნინო… ვყიდულობდი დიდ ფორმატს და იმაზე ვხატავდი. არდადეგებზე თელავში პლაკატების უკანა მხარეზეც დამიხატავს…
20 წელი  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო ინსტიტუტში იმუშავეთ… ამბობთ, რომ ხატვა ყოფილა თქვენი მოწოდება… როგორ ფიქრობთ, გვიანი არ არის?
– სამთო მექანიკის ინსტიტუტში 20 წელი ვიმუშავე, სამთო ფაკულტეტიც წარმატებით დავამთავრე. მერე… მალე დაიწყო 90-იანი წლებიც, ყველამ იცის, რა გავიარეთ. ინსტიტუტში რამდენიმე თემაზეც ვმუშაობდი. ხატვის დაწყება, გახსენება არასოდეს  არის გვიანი… სულმა იპოვა ის, რაც ასულდგმულებს, მთავარია იპოვო საქმე, რაც გასულდგმულებს, არასოდეს  არის გვიანი.
– როგორ ხატავთ? შთაგონებისთვის რა გჭირდებათ?
– როგორ ვხატავ? შეიძლება ვფიქრობდე რაღაცაზე, რომ ის თემა დავხატო, მაგრამ დაწყების წინ უცებ ვიწყებ იმას, რაზედაც არასოდეს მიფიქრია, ასე უცებ ვიწყებ ხატვას და გზადაგზა გამოდის და იხატება ნელ-ნელა ნახატიც.
– ანგელოზები… „საშობაო სერია“… „თოვლის კაცუნების ოჯახი“… როგორი განწყობით ხატავდით საშობაო სურათებს? რა გრძნობა დაგიტოვათ ამ შობამ?
– საშობაო სერია „ანგელოზები“ ჩემი შვილიშვილების ინსპირაციაა… ბავშვური გული და სიყვარული წმინდაა უანგაროა… ადამიანებმა უნდა გაიხსენონ ბავშვობა.
– როგორ დაიხატა „მზე დედაა ჩემი“, ანდა „სიცოცხლის ხე“?

„მზე დედაა ჩემი, მთვარე – მამაჩემი“ – სერიის პირველი ნახატი

–  ყოველთვის ვცდილობ ქართული უძველესი ლექსების, თქმულებების გაცოცხლებას, წინაპრებთან უხილავი კავშირის დამყარებას..
–  ბროწეულის ანგელოზები… რატომ ბროწეულის? 
– ბროწეული სიმბოლოა ბარაქის, გამრავლების, სიყვარულის… მინდოდა, ეს სიმბოლო გამეცოცხლებინა ანგელოზის სახით.
– „Mayarts. მაია მეჭურჭლიშვილის ნამუშევრები“ – თქვენი გვერდია.  ხატვის დროს როგორ არჩევთ ფერებს?
– მაგალითისთვის გეტყვით ძალიან მიყვარს იისფერი ფერი, ის მაღალი,უმაღლესი გონის ფერად არის მიჩნეული… სიწმინდის ფერია, მე ძალიან მიყვარს იისფერი ფერი… ფერების შერჩევა კი სპონტანურად ხდება ჩემთვის მოსაწონი კომბინაციით, იმის მიხედვით, თუ რომელი ფერის გაძლიერება მინდა.
– ჰობი…
– საქართველოს უძველესი წარსული. ისტორია, მითოლოგია… მინდა გადავიხედო ათასწლეულების იქით … ისე, არქეოლოგიც მინდოდა გამოვსულიყავი.
–  როგორია ოჯახის წევრების თანადგომა თქვენი მეორე მოწოდებისადმი?
– მყავს მეუღლე  და ორი ქალიშვილი. ორივე დაოჯახებულია. მყავს სამი შვილიშვილი. წლევანდელი შობა – ახალი წელი ნამატით შევხვდით. უფროს ქალიშვილს შეეძინა პირველი  ქალიშვილი. 5 იანვარს ახლა ეს კიკინა ჩემთან არის და  ვნახოთ, ხატვასაც მისი ღუღუნის ქვეშ გავაგრძელებ, ჯერჯერობით თავის ჭკუაზე გვარბენინებს.
– ელენე ახვლედიანთან შეხვედრა… რომ არა ეს შეხვედრა, მაინც გააგრძელებდით ხატვას?
– ელენე ახვლედიანთან დიდმა ბებიამ წამიყვანა, მახსოვს, მაგიდასთან როგორ ისხდნენ და საუბრობდნენ, მე დავდიოდი და ნახატებს ვათვალიერებდი. ასე 5-6 წლის ვიყავი. ახლა მეცინება… რა ნახატები მქონდა 5-6 წლის ბავშვს, რომ ელენესთვის ეკითხა ბებიას, მე მხატვარი გამოვიდოდი თუ არა…
ამ შეხვედრას არ მოუხდენია გავლენა… ხატვა მიყვარდა, მსიამოვნებდა ფერებთან ყოფნა… დაბოლოს, როცა ხატვას დავუბრუნდი, ამდენი წლის მერე, ეს ამბავი გამახსენდა და მივხვდი, რომ არაფერი ხდება ამქვეყანაზე შემთხვევით.
– ჯილდოები… სამომავლო გეგმები…
–  ბერძნულ და ბრაზილიურ ჯგუფებში, ვირტუალურ გამოფენებში მონაწილეობისთვის სერტიფიკატები მივიღე. ხატვის  გარეშე აღარ შემიძლია, ვიცი, რომ დავხატავ… მოლბერტთან გადაწყდება, რას დავხატავ… ასე ვერ ვიტყვი…

„პირამიდებში“ – პაოლო იაშვილის ლექსზე


თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები