დავით უსუფაშვილი რუმინეთის სენატის სპიკერს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დღეს, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, რუმინეთს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. პარლამენტის თავმჯდომარემ პირველი შეხვედრა რუმინეთის სენატის სპიკერთან, კრინ ანტონესკუსთან გამართა. რუმინეთის სენატის სპიკერმა, კრინ ანტონესკუმ გამოხატა მყარი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ევროპასა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე და ამ მიმართულებით ქართულ მხარეს რუმინეთის გამოცდილების გაზიარება აღუთქვა. კრინ ანტონესკუმ ყურადღება გაამახვილა ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და მისი გაღრმავების აუცილებლობაზე. დავით უსუფაშვილმა ორ ერს შორის მეგობრობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. “მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაერთიანებს სახმელეთო საზღვარი, გვაერთიანებს შავი ზღვა და ეს კიდევ ერთი დამატებითი პირობაა იმისთვის, რომ ეკონომიკური და ბიზნესურთიერთობები უკეთესად აეწყოს და თითოეულმა მოქალაქემ ამისგან სარგებელი მიიღოს”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
დავით უსუფაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპისკენ და ნატოსკენ სწრაფვა არის არა ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის გადაწყვეტილება, არამედ მთელი ერის არჩევანი და ეს არის თემა, რომელზეც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანხმდება.
,,ამ მიმართულებებით ბევრი ხელშემშლელი ფაქტორი არსებობს, მაგრამ ჩვენ ვეცდებით, დავანახვოთ ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს, რომ საქართველო მზად არის, იყოს ევროპისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრი. გადაწყვეტილებები ჩვენ თავად უნდა ვეძიოთ და მივაწოდოთ მეგობრებს, თუ როგორ დაგვეხმარონ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, ნატო და ევროკავშირი საქართველოსთვის არის როგორც ახალი შესაძლებლობები, ასევე ახალი გამოწვევები.
“ლონდონის სამიტზე დიდ იმედებს ვამყარებთ. აუცილებლად გვჭირდება წინ გადადგმული ნაბიჯები. მთავარია, ქართველ ხალხს დავანახვოთ და თითოეულ მოქალაქემდე მივიტანოთ გასაგებ ენაზე, რა კეთილდღეობას მოგვიტანს ეს პროცესი ჩვენ”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე სოჭის ოლიმპიადიაში საქართველოს მონაწილეობის საკითხს.
,,ოლიმპიადაზე გუნდის გაგზავნა საკმაოდ რთული გადაწყვეტილება იყო. ჩვენ არ გვინდა კონფლიქტი, გვინდა პრობლემების მშვიდობიანი გადაწყვეტა. რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები ვაჭრობის სფეროში ნელ-ნელა აღდგება. დავნიშნეთ სპეციალური წარმომადგენელი და გვინდა, რომ ეს ყველაფერი სამშვიდობო გზით მოგვარდეს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
უსუფაშვილმა მადლობა გადაუხადა რუმინულ მხარეს მხადაჭერისთვის და განსაკუთრებით აღნიშნა შავი ზღვის აუზის ქვეყნების მეგობრობისა და თანადგომის მნიშვნელობა საქართველოს წინაშე არსებული პრობლემების გადაწყვეტის საქმეში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რუმინეთის სენატის საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა.