ირაკლი ღარიბაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის პირველი სხდომა გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის პირველი სხდომა გახსნა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სხდომაზე, კომისიის წევრებმა, კენჭისყრის საფუძველზე, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე აირჩიეს.

“პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის 2022 წლის 22 დეკემბრის N289-ე ბრძანებით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა და საკონკურსო კომისია შეიქმნა, ხოლო 2022 წლის 30 დეკემბრის N304-ე ბრძანებით, კომისიის შემადგენლობა განისაზღვრა. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არიან: • მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე; • პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე; • პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი; • უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძე; • გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე; • სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი თამარ გვარამაძე; • „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელი ალექსანდრე ქევხიშვილი. საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა, რომელიც თავის საქმიანობას დამოუკიდებლად განახორციელებს და ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. ანტიკორუფციულ ბიუროს უხელმძღვანელებს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რომელიც კონკურსის წესით შეირჩევა სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საკონკურსო კომისიის მიერ. კონკურსის შედეგად შეირჩევა არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატი. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი 6 წლის ვადით დანიშნავს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები