„ვხატავ იმას, რის განწყობაზეც ვარ, რაც „დამიძახებს“ – რადიკალურად შეცვლილი ცხოვრების გზა, მოგზაურობის ფერადი სურათები, საშობაო სერია და ერთი ამოსუნთქვით დახატული ბაჭიები

პროფესიით იურისტია, თუმცა დაგროვილმა ემოციამ და ამ ემოციის გადმოცემის დიდმა სურვილმა და ნიჭმა, მისი ერთხელ არჩეული გზა რადიკალურად შეცვალა… კვალიფიკაცია ამერიკაში მოღვაწე მხატვრის, პატრიცია ინგრამის სტუდიაში გაიარა, თუმცა მხატვარმა  ია აფციაურმა დიდი წვლილი შეიტანა მისი, როგორც პროფესიონალ  მხატვრად  ჩამოყალიბებაში.
მისი ნამუშევარი 2021 წელს, კონკურსში „რუსული ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე“ გამოფენილ 200-მდე ნამუშევარში ათეულში შევიდა. იგი ერთნაირი წარმატებით მუშაობს სხვადასხვა ტექნიკით. არის საბავშვო წიგნების ილუსტრატორი. ხოლო მისი ნახატები ბევრი ქართული და უცხოური ოჯახის კედლებს ამშვენებს. – თამთა ჯომარდიძის პერსონა.

– ჩემი ქვეცნობიერი ყოველთვის ხატავდა… მახსოვს, ბავშვობაში ხშირად მეჭირა ფერადი ფანქრები და სხვადასხვა ჩანახატს მუდმივად ვაკეთებდი, თუმცა ამისთვის სერიოზული ყურადღება არავის მიუქცევია, როგორც ხდება ხოლმე.
ბავშვობიდან ყველაზე მეტად ტკბილად  ჩვენი ეზო მახსენდება, სადაც ბავშვები ყოველგვარი ტელეფონის და ინტერნეტის გარეშე საოცრად ერთობოდნენ, დღეს, სამწუხაროდ,  ეს უკვე მართლაც წარმოუდგენელია.
– მომავალ პროფესიად მაინც იურისტობა აირჩიეთ…
– ვფიქრობ, პროფესიას ცოტა ცუდ დროს ვირჩევთ, ასაკს ვგულისხმობ, ძალიან რთულია ამ დროს ზუსტად იცოდე, რა გინდა ცხოვრებაში, რთულია ერთმნიშვნელოვნად  თქვა, სად ხედავ შენს თავს და ამიტომ უფრო ტენდენციურობას მიყვები: ექიმობას, იურისტობას, ეკონომისტობას და ა.შ. თუმცა შეიძლება ცხოვრება სხვანაირად შემობრუნდეს. საერთოდ ვფიქრობ,   გვიანი არაფერია, თუ ადამიანი  მის შეცვლას მოინდომებს.
– ბოლოს შეიცვალეთ პროფესია…  ხატვა თქვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა…
– ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრებისას გავიცანი არაჩვეულებრივად ნიჭიერი მხატვარი და სწორედ აქედან დაიწყო ჩემი გააზრებული სიყვარული ხატვისადმი. მივხვდი, რომ ეს ის საქმიანობაა, ურომლისოდაც ცხოვრება არ შემეძლო. ამ პერიოდში დიდი ინსპირაცია მივიღე, გამიმართლა და ბევრი ლამაზი ადგილი მოვინახულე, თავდავიწყებით შემიყვარდა იქაურობა და შემდეგ ამ ყველაფრის ფურცელზე ფუნჯის დახმარებით გადმოტანის საოცარი სურვილი დამეუფლა.
– მხატვარ ია აფციაურს დიდი წვლილი მიუძღვის თქვენი შემოქმედების მხატვრული სტილის ჩამოყალიბებაში…
– გაუთავებლად შემიძლია ვილაპარაკო მასზე. სიმართლე  გითხრათ, ძალიან გამიმართლა, რომ მას შევხვდი, ჩემს ცხოვრებაში ია აღმოჩნდა სწორედ ის  მენტორი,  რომელმაც სწორი მიმართულება მომცა. მისი დამსახურებაა ჩემი თითოეული წინგადადგმული ნაბიჯი. მან  დამანახვა შუქი, ჩრდილი ნახატში, მაზიარა ფერთა გამას და მასწავლა, რომ თურმე შავ-თეთრშიც ბევრი ფერია და  სამყაროში კიდევ უფრო მეტი გრადაციაა, ვიდრე ეს მანამდე ვიცოდი. მას ძალიან ვემადლიერები.
–  „რუსული ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე“ – კონკურსში თქვენი ნამუშევარი ათეულში შევიდა. რა იყო თქვენი სათქმელი?
– ჩემი ნამუშევრის გზავნილი მინდოდა, დადებითი, იმედიანი ყოფილიყო. თითოეული დეტალი ნახატში მინიშნებითაა ჩასმული და მნახველი აუცილებლად მიხვდება, რომ აქცენტი არის ბავშვებზე, მომავალ თაობაზე, უდიდეს და უძლიერეს ხეზე, რომელიც ჩვენი ქვეყანა და მისი წინაპრები არიან. იმედი არსებობს და სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს!
–  მუშაობთ სხვადასხვა ტექნიკით… მაინც რომელ ტექნიკას ანიჭებთ უპირატესობას?
– რამდენიმე ტექნიკით ვმუშაობ, თუმცა ჩემი ფავორიტი  წყლიანი საღებავის „გაღვრაა“ თეთრ ფურცელზე, ეს საერთოდ სხვა სიმფონიაა ჩემთვის.
– „დროში მოგზაურობა. ჩვენი სოხუმი“ – როგორ დაიხატა ეს სურათი?
–  ჩემმა ოჯახმა შთამაგონა, დიდი დრო და სიყვარული აკავშირებს ამ ადგილთან, ინსპირაციაც აქედან წამოვიდა, მათი  ძვირფასი მოგონებების გაცოცხლება მინდოდა.
–  როგორ დაიხატა უნივერსიტეტი?
– შთაგონება ჩემი მეუღლე გახლავთ, სწორედ მას დავუხატე,  ბევრი მოგონება აკავშირებს ამ ადგილთან. მისი გახარება მინდოდა.
– ბაჭიები?..
– ბაჭიებს ერთი ამოსუნთქვით ვხატავ. ვფიქრობ,  ყველაზე ჯადოსნური არსებები არიან…
– ზოგადად, როგორ მუშაობთ? რა გაძლევთ შთაგონებას?
– განწყობის ადამიანი ვარ, ვხატავ იმას, რის განწყობაზეც ვარ, რაც „დამიძახებს“…
–  ხართ წიგნების ილუსტრატორიც… თქვენი გაფორმებული წიგნები არის როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ოჯახებში…
– ილუსტრაციების შექმნა კიდევ ერთი არაჩვეულებრივი საშუალებაა მხატვრისთვის, პროცესი ძალიან სასიამოვნოა – როდესაც პერსონაჟებს აცოცხლებ და ამ ყველაფერს შემდეგ ბავშვებს უზიარებ?! მართლაც  ჯადოსნური შეგრძნებაა ჩემთვის.
ზღაპრების კრებულს ჰქვია „დადუდა“, რომლის ავტორიც მანანა გოგაშვილია. მისი არაჩვეულებრივი შინაარსის გამო დიდი სიამოვნებით ვიმუშავე ამ წიგნზე.
იდეალურია საბავშვო გონებისთვის და სამყაროს შემეცნებისთვის, ბავშვური შიშების დაძლევის, ემოციების სამართავად, ჩემი ილუსტრაციებით კი ეს სამყარო უფრო ფერადი გავხადე, შევავსე კეთილი ცხოველებით და მოლაპარაკე პერსონაჟებით.
– ტოსკანა, სან – ფრანცისკო… კიდევ რომელი ქალაქის პეიზაჟები დახატეთ?
– მიყვარს მოგზაურობა, ხშირად ამოვიჩემებ ადგილს, შენობას, რომელსაც ერთი ნახვით შევიყვარებ და შემდეგ ფურცელზე გადმომაქვს. მათ შორის ასეთი გავლენა ჩემზე ქალაქმა პორტომ მოახდინა,  შევასრულე მისი ფერად-ფერადი შენობები…
–  საშობაო სერია…  როგორი განწყობით ხვდებით ახალ წელს?
– ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ახალი წელი, შობა, საახალწლო ფუსფუსი და გაუთავებელი სირბილი საჩუქრებზე. ამ ყველაფერს ერთად ვაერთიანებ ჩემს ნახატებში და დამატებით განწყობას მმატებს.
– შემოქმედებითი ცხოვრებიდან უთუოდ გექნებათ საინტერესო  მოსათხრობიც…
– ძალიან მიყვარს ზაფხული, ზღვა და სანაპირო… ყოველთვის მენატრება და მაკლია, მახსოვს, ზაფხულის ერთ ცხელ საღამოს  ზღვის სანაპიროზე აღმოვჩნდით: მე, ჩემი მეუღლე და ჩემი შვილი ელენიკო, რომელიც მაშინ 5 წლის იყო. ეს ორი სილუეტი დამამახსოვრდა ლურჯი  ზღვის ფონზე. მოგვიანებით ეს კადრი დავხატე ამ დღის გასახსენებლად და  ხშირად მაბედნიერებს ზამთრის სუსხიან დღეებში….
– ჰობი…
– მოგზაურობა, ვინტაჟური ჭურჭლის შეგროვება, საყიდლებზე სიარული… ყველაზე მეტად მიყვარს ხარისხიანი დროის გატარება ოჯახთან, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის…
– გამოფენები, სამომავლო გეგმები…
– ბევრი იდეა მაქვს, წიგნების ილუსტრაციები, ქვეყნის გარეთ ნამუშევრების გატანა  და, რა თქმა უნდა, როგორც ყველა შემოქმედისთვის, დიდი სურვილი, რომ ერთ მშვენიერ დღეს პერსონალური გამოფენაც მექნება.

ტოსკანა

 

                                                                                                                               თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები