გიორგი ტყემალაძეს მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის საპატიო მედალი გადაეცა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ტყემალაძეს ქართულ-აზერბაიჯანული კულტურული ურთიერთობის სიმბოლო, მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის საპატიო მედალი გადაეცა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, დაჯილდოება დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გაიმართა. ღონისძიების გახსნისას საკრებულოს წევრმა ნინო რუხაძემ განაცხადა, რომ მირზა ფათალი ახუნდოვი თბილისის მულტიკულტურალიზმის ერთ-ერთი სიმბოლოა და ამ სიმდიდრის შენარჩუნება-განვითარებაში თბილისის საკრებულოს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს. საპატიო ჯილდო საკრებულოს თავმჯდომარეს მუზეუმის დირექტორმა ლეილა ალიევამ გადასცა და აღნიშნა, რომ მედალი, როგორც ქართულ-აზერბაიჯანული კულტურული ურთიერთობის სიმბოლო, მუზეუმის დაარსების 40 წლის იუბილესა და აზერბაიჯანელი დრამატურგის, საზოგადო მოღვაწისა და მწერლის 210 წლისთავთან დაკავშირებით დამზადდა.
„დღეს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან მისიას ვასრულებ. მირზა ფათალი ახუნდოვი ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების სიმბოლოა, მისი მუზეუმი ჩვენი მეგობრობისა და სიყვარულია ადგილია, გიორგი ტყემალაძე კი ქართულ – აზერბაიჯანული ურთიერთობების დიდი მოამაგე და გულშემატკივარია“,- განაცხადა ლეილა ალიევამ ღონისძიებაზე. თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარემ საპატიო ჯილდოს გადაცემისთვის ლეილა ალიევას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ამ მედლის მიღება როგორც პირადად მისთვის, ისე თბილისის საკრებულოსთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა.
„როგორც პირადად ჩემი, ისე მთელი საკრებულოსთვის პატივია ამ ჯილდოს მიღება. ჩვენი ურთიერთობა მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმთან ყოველთვის გულწრფელია, ამ მუზეუმს დიდი როლი აკისრია ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების განმტკიცების საქმეში და მის სივრცეში იგრძნობა ის მეგობრობის ისტორია, რომელიც ჩვენს ორ ერს აკავშირებს“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი წარმოადგენს კულტურულ ხიდს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. მირზა ახუნდოვის ცხოვრება მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან. 1834 წლიდან ახუნდოვი საცხოვრებლად სამუდამოდ გადმოვიდა თბილისში და სიცოცხლის ბოლომდე აქ მოღვაწეობდა. ღონისძიებას საკრებულოს წევრები, დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში მოქმედი ეთნიკური უმცირესობების საბჭოსა და აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.