პროფესიით ჟურნალისტია. ხატვა 2 წლიდან დაიწყო.
მართალია, სხვადასხვა დროს ჟურნალისტად, საბავშვო ბაღში მასწავლებლად და მეთოდისტად მუშაობდა, პარალელურად ყოველთვის ხატავდა. საკუთარ თავს დიპლომირებულ ჟურნალისტს და უდიპლომო მხატვარს უწოდებს.
ამჟამად თბილისის მერიის ბავშვთა მზრუნველობის სააგენტოში მუშაობს. ამბობს, რომ ხელოვნება მისი სულის ნაწილია და ყოველდღიურობას ულამაზებს.
ერთი პერსონალური გამოფენის ავტორია, მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში. ამჟამად მეორე პერსონალურ გამოფენას ამზადებს. – თვითნასწავლი მხატვრის, ია ლუარსაბიშვილის პერსონა.
– ხატვა 2 წლიდან დამიწყია, როცა გაუაზრებლად ავიღე ფანქარი და სხვადასხვა ფიგურის ხატვა დავიწყე. 4-5 წლიდან ვხატავდი ცხოველებს, ადამიანების სილუეტებს, ტანსაცმელს, ხეებს და ა.შ. ვიყენებდი საბავშვო საღებავებს, ყოველთვის ფუნჯით მიყვარდა მუშაობა. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ძალიან მომწონდა რელიგიური თემატიკა. ბევრჯერ დამიწერია ხატები: უფლის, ღვთისმშობლის, წმ. გიორგის, წმ ნინოს, წმ ნიკოლოზის. ბავშვობიდან მიყვარდა ნაწარმოებებიდან ამოტანა და ფურცელზე სურათის სახით გადატანა. ამბავს ყოველთვის ჩემი თვალით ვხედავდი და გადამქონდა.
სკოლის პერიოდში გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხე“ დავასურათე – თითქმის ყველა პერსონაჟი შესაბამისი თემატიკით. ეს დღემდე გამომყვა. ასე შევქმენი გალაკტიონის მთაწმინდის მთვარე… უნდა აღინიშნოს, რომ არასდროს მივლია ხატვის პედაგოგთან. ყველაფერი უფლის მადლით და ძალით მოხდა…
– და მაინც, ჟურნალისტის პროფესია აირჩიეთ…
– წერა ყოველთვის მიყვარდა. ნებისმიერ თემატიკაზე შემეძლო ამბის აგება. თუ მკითხავთ, სკოლის პერიოდში რა იყო ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო პროცესი, გეტყვით, რომ თავისუფალი თემების წერა ჩემთვის ჰარმონია გახლდათ. ვშლიდი ფრთებს… ვხედავდი და მხატვრულად ვაფორმებდი თითოეულ სიტყვას – სულის ამოძახილს.
ამიტომ შემდეგ ჩავაბარე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე და რამდენიმე ხანს ამ განხრით ვიმუშავე. ჩემთვის ხელოვნება ყველაფერია, რასაც მხატვრულად აღვიქვამ, წერა იქნება თუ ტილოების გაცოცხლება. პროფესიით დიპლომირებული ჟურნალისტი და უდიპლომო მხატვარი ვარ.
– როდის მიხვდით, რომ ხატვა თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იქნებოდა?
– როცა უკვე გავაცნობიერე სამყარო – თავისი სიფერადით, ფერების აგება ნებისმიერ ასაკში თავისთავად გამომდიოდა. ვიხსენებ, როდის მიწევდა ფიქრი ან სწავლა, რომ ეს ასე უნდა შემერია, აქ ეს მომეხაზა და ა.შ. ასეთი რამ არ მახსოვს, ყოველთვის ფიქრის გარეშე სხეულით ვხატავდი, მთელი არსებით, ერთიანად. ასე ერთი ხელის მოსმით და ფერების არევით ვიღებდი იმ განსაკუთრებულს… ხატვისას აუცილებლად უნდა ვუსმინო გენიოსებს: შუბერტს, ბახს, ბეთჰოვენს, მოცარტს და ა.შ.
– საქართველოს ბუნებას, სოფლის იდილიას გადმოსცემთ, განსაკუთრებით სჭარბობს კახეთის პეიზაჟები…
– წარმოშობით კახეთიდან ვარ. ზაფხულობით მე და ჩემი ძმა ყოველთვის ჩავყავდით მშობლებს კახეთის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ ველისციხეში.
ბავშვობიდან სხვანაირად აღვიქვამდი ბუნების სილამაზეს, ეს მშობლიური მიწისა თუ მთების მიმართ აუხსნელი ძაფებით დაკავშირებული გრძნობაა, რომელსაც სახელს ვერ ვარქმევ. უბრალოდ, გრძნობ და მორჩა. განა რამე შეედრება კავკასიონის მოლივლივე სილუეტს, საოცარ ფერებს დილით, შუადღისას თუ შეღამებისას, ბალახის სურნელს, ბზიკების ხმაურიან ფუსფუსს და ყველაფერს ერთად?… საოცარი, აუხსნელი გრძნობაა, ნოსტალგიური და ტკბილი.
პეიზაჟებს, რომლებიც ტილოზე გადამაქვს, საკუთარი თვალით ვნახულობ. ჩავდივარ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, „მომაქვს“ იქაური ბუნება და საკუთარი აღქმით გადამაქვს ტილოზე – ჭეშმარიტ ფერებს მხოლოდ მაშინ „დასვამ“, როცა საკუთარი თვალით პირდაპირ გრძნობ და უყურებ გარემოს.
– შთაგონებისთვის რა გჭირდებათ?
– ყველაფერი, რაც შთაგონებას სჭირდება: კარგი მუსიკა, ფილოსოფიური საუბრები ჩემს სულიერ მეგობრებთან, წვიმიანი დღე, ცხელი ჩაი, დარჩენა ჩემს ფიქრებთან, მოგზაურობა ბუნებაში და დედა…
ჩემ მიერ შექმნილ ყველა ნახატს თავისი ისტორია აქვს. მინდა ნახატ „მოლოდინზე“ გესაუბროთ.
სამწუხაროდ, ხშირია ისეთი შემთხვევები, როცა გაზრდილი შვილები მიდიან მშობლიური სახლიდან – უკან კი აღარ ბრუნდებიან. მშობლებს, უწინდელივით, ნატვრად აქვთ ქცეული მათი შეხება, მათთან პირისპირ საუბარი. ეს არავის უნდა დაავიწყდეს და მუდამ ახსოვდეს საკუთარი მშობლები.
თუ რამხელა ტკივილი და მოლოდინია ამ ორი ადამიანის სილუეტში, ვფიქრობ, კარგად წარმოვაჩინე და მინდა ეს ყველამ გააცნობიეროს.
– როგორ დაიხატა გერგეტის სამება?
– გერგეტის სამება გადატანითი მნიშვნელობით დავხატე, დედის როლი მნიშვნელოვანია შვილის ცნობიერების ჩამოყალიბებაში. ბოლო ხაზი ტაძარია, თოვლითაა დახუნძლული ცხოვრების გზა, რომელსაც საბოლოოდ ტაძართან მიჰყავს ადამიანი, სანამ ის ავა ღრუბლებში. დედა-შვილი შილიფად ჩაცმული გვესახება, შვილი მხოლოდ დედის სითბოს ამარაა.
ნახატი თოვლიანი, ცივი და გამყინვარეა, ნაღვლიანი, მაგრამ ამავდროულად – ემოციურად ძალიან თბილი და ემოციური. ისეთი, როგორიც ცხოვრებაა.
– საბავშვო ბაღში მასწავლებლად და მეთოდისტად მუშაობდით… ამჟამად თბილისის მერიის ბავშვთა მზრუნველობის სააგენტოში მუშაობთ… ხატვა და მუშაობა ერთდროულად – არ გიჭირთ?
– თავად ვარ დიდი ბავშვი და, შესაბამისად, ბავშვებთან თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში. ჩვეულებრივი ჰარმონია გვაქვს. ნებისმიერ თემაზე შემიძლია ურთიერთობა ბავშვებთან. ამან გადამაწყვეტინა საბავშვო ბაღში მუშაობის დაწყება.
წლების განმავლობაში ვიმუშავე ბავშვებთან და ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს, როგორ უნდა აზიარო ბავშვი ჭეშმარიტად კარგ გარემოს. არ შემიძლია არ აღვნიშნო ერთ-ერთი ბაღის დირექტორის, ლალი ქემხაძის დამოკიდებულება ხელოვნებისადმი, რამაც გამიმძაფრა და სტიმული მომცა, ახალი მუზებისთვის შემესხა ხორცი.
რაც შეეხება ახლანდელ გამოწვევას – ჩვენი სააგენტო მუშაობს მოწყვლად ოჯახებთან მათი გაძლიერების კუთხით საჭიროებებიდან გამომდინარე. ძალიან კეთილი გრძნობაა, როცა ბავშვს ეხმარები და უჯანსაღებ გარემოს. ხოლო ხატვა – ჩემთვის ბუნებრივი მოთხოვნილებაა, კვება, ძილი, სუნთქვა… რომელსაც ადამიანი ყოველთვის უთმობს დროს. ასე რომ, არ მიჭირს შეთავსება.
– ახალი წელი ახლოვდება. რას დახატავთ საახალწლოდ?
– წინა კითხვაზე გიპასუხეთ, რომ დიდი ბავშვი ვარ. ისე, როგორც ბავშვი უნდა შეხვდეს ახალ წელს, იმ განწყობით ვხვდები. მიყვარს სახლის საახალწლოდ მორთვა. საამისოდ არც თავს და არც ენერგიას ვზოგავ საკუთარი და ოჯახის წევრების სიამოვნებისთვის. თან ეს პროცესი სიამოვნებას მანიჭებს.
წელსაც განსაკუთრებით ვემზადები და ახლა მორთვის პროცესში ვარ, რასაც აუცილებლად გავუზიარებ სამეგობროს, ნაცნობებს, ადამიანებს და სიამოვნებას მივანიჭებ.
რაც შეეხება ნახატს, აქაც ადამიანების სიამოვნებაზე ვიზრუნებ და შევქმნი ისეთ რამეს, რაც ძალიან ემოციურ ფონს წარმოშობს. ამას სიურპრიზად დავტოვებ.
– ჰობი…
– ბევრი ჰობი მაქვს. მათი ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. გამოვარჩევ მოგზაურობისადმი სიყვარულს, შემოვიარე ნახევარზე მეტი საქართველო და ვაგრძელებ ამ პროცესს.
ყველაფერი საკუთარი თვალით უნდა ვნახო: ბუნება, ძველი წარსულის ნაშთები თუ რაიმე ახალი შექმნილი. დროის მანქანა რომ არსებობდეს, აუცილებლად გადავიდოდი წინა საუკუნეებში და ხელით შევეხებოდი წარსულს, ყველაზე ღირებულს და ღირსეულს. მიყვარს წიგნების კითხვა და გონებაში სურათებად დალაგება.
მიყვარს ველოსიპედით სეირნობა. ერთი ძალიან საინტერესო ჰობიც მაქვს: რასაც ვხატავ, კამერით ვიღებ, შემდეგ ვიდეოკლიპის სახით ვამუშავებ თემატურად და ვუძღვნი ადამიანებს. ვიდეოს სახით პირდაპირ კავშირს „ვიჭერ“ ადამიანების ემოციებთან, ვუზიარებ მათ იმას, რასაც ვქმნი და ვაწყობ.
– ოჯახი…
– თუ მე ოდესმე არჩევანის წინაშე დამაყენებდნენ, რომ ოჯახი თუ საყვარელი საქმიანობა. ჩემს ოჯახს ავირჩევ – ოჯახი ჩემთვის წმიდათაწმიდაა.
სახლში ვცხოვრობთ: მე, დედა, მამა და ჩემი ძმა. ჩვენს ოჯახში დედის კულტი უმაღლეს ადგილზეა აყვანილი.
ჩემს ნახატებში ბევრგანაა დედაშვილობის თემატიკა, რაც პირდაპირ მიუთითებს, თუ რამხელა ენერგიას ასხივებს დედაჩემი ჩვენს პირად გარემოში. ოჯახიდან მოდის ზნეობა, კულტურა, ემოცია, ენერგია და, შესაბამისად, ის უმნიშვნელოვანესია ადამიანის ცხოვრებაში. გამოვარჩევ ერთ-ერთ ნახატს, სადაც მე და დედა, ულამაზეს ცოცხალ ბუნებაში მყოფნი, გავცქერით წმინდა ნიკოლოზის ეკლესიას. სხვადასხვა თემა: ტაძარი, ბუნება და დედაშვილობა – ეს ყველაფერი ტილოზე გადავიტანე. ყველაფერი მნიშვნელოვანი ერთ ტილოზეა.
– ერთი პერსონალური და რამდენიმე ჯგუფური გამოფენა გქონდათ. სამომავლო გეგმებზე ორიოდე სიტყვა…
– სკოლაში გამოფენას თუ არ ჩავთვლით, ერთი პერსონალური გამოფენის ავტორი ვარ. სულ პირველად აღმომაჩინა მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემია „გულანის“ დამფუძნებელმა, უაღრესად კარგმა ქალბატონმა ნაირა მარშანიამ. მისი აკადემიის ეგიდით გავაკეთეთ პირველი პერსონალური გამოფენა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას. ასევე რამდენიმე საერთო გამოფენაში ვმონაწილეობდი.
გაზაფხულზე ვაპირებ მეორე პერსონალურ გამოფენას, სადაც კვლავ შეაფასებენ ადამიანები ჩემს შემოქმედებას და მიიღებენ ჭეშმარიტ ემოციებს.
თამარ შაიშმელაშვილი