„ტუშით ხატვა ერთი მსახიობის თეატრს ჰგავს, როცა აკრილით და ფერებით ვხატავ – უკვე წარმოდგენაა“…

ბავშვობიდან უცნაურს ეძახდნენ, საკუთარ თავთან განმარტოება ყველაფერს ერჩია. კერავდა, ქსოვდა… უყვარდა მითოლოგია, სმენით აწყობდა კლასიკურ მუსიკას… ხატავს ტუშით ქაღალდზე, აგრეთვე – აკრილით და ფერებით… მართალია, თვითნასწავლი მხატვარია, მაგრამ უკვე იმდენად გაითავისა ხატვა, რომ ჰობად აღარ მიაჩნია.  – ქეთევან არჩვაძის პერსონა.

 – უცნაურს მეძახდნენ…  ბებია და ბაბუა მზრდიდნენ. დედა სულ მუშაობდა იურისტია… აქტიური იყო ყოველთვის და ახალგაზრდა მხიარული სულ მოძრაობდა… გვიან მოდიოდა… მამა სამი წლიდან არ იყო ჩვენთან. მატერიალური კომფორტის მიუხედავად,  ყველაზე მეტად ბაბუის დამოკიდებულება მახსოვს. ამას გათამამებას ეძახდნენ და, ჩემი აზრით, ეს სწორი აღზრდაა.
როცა ძალიან მიჭირდა, სულ მახსოვდა, რომ შეუძლებელი არაფერია. იმას მაკეთებინებდა, რასაც სხვას უკრძალავდნენ. პირიქით, თვითონ მასწავლიდა, მაგალითად, როცა უცბად გინდა სასრიალო და გარეთ ცივა ან გვიანია, ამ დროს არსებობენ თაროები სერვანდებში. მოხსენი, დადე მაღალ ადგილზე და ჩამოსრიალდი… ასეთი რაღაცები ძალიან მახალისებდა და ბედნიერი ვიყავი მასთან, ან იქ ჩნდებოდა, სადაც არ ველოდი და მჭირდებოდა. მიჭირდა გამოხატვა, ვჩუმდებოდი, როცა ცუდად ვგრძნობდი თავს და არ ვიცი, საიდან ხვდებოდა, უმალვე იქ იყო. მან მიმაქცევინა ყურადღება იმ ცნობიერზე, რომ სულ გიფარავს სამყარო. ყოველთვის გყავს მფარველი.
– ხატვა გიყვარდათ, მაგრამ  სხვა პროფესია აირჩიეთ…
– ძალიან მიყვარდა საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, რადიოს მოსმენა. მაშინ სპექტაკლები იყო რადიოში. თან  ხშირად წმინდა გიორგის ვახატავდი, რატომ, არ ვიცი. შობაზე – ღვთისმშობელს იებით…
ფერადი ფურცლებით რაღაცებს ვქმნიდი მარცვლეულით, ბოსტნეულით… ვკერავდი, ვქსოვდი. მიყვარდა მითოლოგია და სმენით ვაწყობდი კლასიკურ მუსიკას. ახლა ვეღარც ვუკრავ, არ მახსოვს… სავარცხელს ავიღებდი და ვითომ მიკროფონი იყო…
ერთ სიტყვით, მაგრად ვერთობოდი, სკოლა არ მიყვარდა, დროს მართმევდა და სისულელედ ვთვლიდი…
– დომინირებს თეთრი ფერი… თუმცა ნახატები უსათაუროა, მაგრამ ფანტაზია – ულევი…  სად მოგზაურობს თქვენი წარმოსახვა?
– თეთრი საკმაოდ რთული ფერია. ასე მგონია, არ უნდა გადააჭარბო. თან ბევრ ფიქრს ითხოვს… ვერ გეტყვით, სად ვარ მაგ დროს – იქაც და აქაც და სადღაც  – არაფერშიც. სათაურს იშვიათად ვარქმევ,  რადგან მიხარია, როცა ადამიანს ეძლევა გამოუთქმელის თქმის საშუალება… თითქოს ყველა მართალია, რასაც აღიქვამს და ამით ყველა ვხალისობთ, ვინც  მონაწილეობს.
– საინტერესოა „მახარობლები“… როგორ დაიხატა პირველი მახარობელი?
– პირველი მახარობელი რომ დაიბადა, მეგონა, ფანტაზია აღარ მქონდა. სკამზე ვიჯექი, ვუყურებდი ტილოს და მხოლოდ კედლის სანათი ენთო.
თითქმის სიბნელე იყო. მივყევი და ვერც ვხედავდი, რას ვხატავდი. სულ ცხელი ვიყავი. თითქოს ბრჭყვიალა მტვრით სავსე ბურთში ვიჯექი და ასხივებდა… გამოჩნდა მახარობელი…
– საინტერესოა ქაღალდზე ტუშით ნახატები… როდის ხატავთ ტუშით და როდის აკრილით? ალბათ შთაგონების და განწყობის მიხედვით…
– როცა ტუშით ვხატავ, ერთი მსახიობის თეატრს ჰგავს, როცა აკრილით და ფერებით – უკვე წარმოდგენაა. აი, ასე დაახლოებით… გააჩნია ხასიათს, განწყობას…
–  რა გჭირდებათ  შთაგონებისთვის?
– სულ მაქვს სიუჟეტები  წარმოდგენაში, ასე აღვიქვამ საერთოდ ყველაფერს. ერთხელ ფოთოლი იყო კარების სახელურში და ხელჩაჭიდებული მეგობრობა გამახსენა, ერთი რომ მეორეს უსმენს… ჩემი უფროსი შვილი იტყვის ხოლმე – აი, დედას რად უნდა პარიზი, დახუჭავს თვალს და ყველგანაა…
– რატომ ჰქვია „მახარობელთა სერია“  თქვენს ზოგიერთ ნამუშევრებს?
– მეც მიხარია, რომ უხარიათ და როცა მოიწყენენ, მახარობლებს ვხატავ. ალბათ, პირველ რიგში, ეს ჩემი მდგომარეობაა და მაგალითი, ვისაც უხარია, ამბობს, გამოხატავს და ყიდულობს კიდეც. ყველა თავისებურად აღიქვამს და ალბათ ეს სხვამ უნდა აღწეროს. მარტო მე ვერაფერს ვიტყვი მათზე. ის, რაც ვიცი, ჩემშია…
–  გვერდზე ketusha archvadze უკვე გამოჩნდა საახალწლო ნამუშევრები… რის დახატვას აპირებთ საახალწლო-საშობაოდ?
– რა თქმა უნდა, ვგეგმავ გამოფენას. ოღონდ, რას და როდის დავხატავ, არ ვიცი და სწორედ ეს მაინტერესებს მეც…
– ჰობი…
–  მუსიკა და ცეკვა. რამდენიმე წელია ხატვა გამოვრიცხე ჰობიდან…
– ოჯახი…
–  მე… ჩემი ორი შვილი… დედა… ფისოები… თუთიყუში, ჯერჯერობით…

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები