9 დეკემბერს დასაქმების ფორუმზე ზამთრის კურორტებზე არსებული 500-მდე ვაკანსია იქნება წარმოდგენილი
თბილისში დასაქმების ფორუმი ჩატარდება, სადაც ზამთრის კურორტებზე არსებული 500-მდე ვაკანსია იქნება წარმოდგენილი. ღონისძიება 9 დეკემბერს, 13:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართება.
დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, პირადად შეხვდნენ კურორტებზე არსებული სასტუმროების, კაფე – ბარებისა და რესტორნების წარმომადგენლებს, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და შეარჩიონ სასურველი ვაკანსიები.
აღსანიშნავია, რომ სამუშაო კადრების დეფიციტიდან გამომდინარე, ბიზნესსექტორი მზადაა, ყაზბეგში, გუდაურში, ბორჯომში, ცემში, ბაკურიანსა და მესტიაში, უზრუნველყოს დასაქმება, უკვე შერჩეული თანამშრომლების ტრანსპორტირება და დაბინავება. შესაბამისად, ფორუმზე წარმოდგენილი ვაკანსიები ორიენტირებული იქნება თბილისში თუ სხვა რეგიონში მცხოვრები პირებისთვისაც.
წარმოდგენილი ვაკანსიების ჩამონათვალის გაცნობა დაინტერესებულ პირებს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს რეგიონულ სერვისცენტრებშიც შეუძლიათ.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო მსგავს ფორუმებს პერმანენტულად ატარებს. ღონისძიებების მიზანია, ერთმანეთთან დააკავშიროს სამუშაოს მაძიებლები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. მორიგი ფორუმი 13 დეკემბერს გორში ჩატარდება.