საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, მთავრობის მეთაური ილია II-ს საპატრიარქოში ეწვია, წმინდა მიწაზე, მდინარე იორდანეზე, ქართული კულტურის ცენტრის პროექტის პირველადი ვერსია წარუდგინა და ცენტრის მშენებლობისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
“ილია II-მ პრემიერმინისტრს ქართული კულტურის ცენტრის პროექტის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა.
მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, მდინარე იორდანესთან ქართული სავანის მშენებლობის პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობა ნებართვის მიღებისთანავე დაიწყება.
საქართველოს საკუთრებაში არსებული 4000 კვადრატული მეტრი მიწა მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, მდინარე იორდანედან 15-20 მეტრის მანძილზეა. საქართველოსთვის მიწის გადმოცემის ღონისძიებაში პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პრინც ღაზისთან ერთად მიიღო მონაწილეობა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.