სამტრედიაში, წლის ბოლომდე, კიდევ ერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება
სამტრედიის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე წელს ჯამში 20-მდე პროექტი განხორციელდა, მათ შორის სოფლებში და ქალაქის ტერიტორიაზე, 10 ლოკაციაზე, მოეწყო სატრენაჟორო სივრცეები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტულ მოედნებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გარდა დასრულებული პროექტებისა მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი ინიციატივითა და დაფინანსებით წლის ბოლოსთვის სამტრედიაში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება.
ეროსი მანჯგალაძის სახელობის ცენტრალური სტადიონის მიმდებარედ, სათადარიგო მოედანი მოეწყობა. განხორციელდება სრული რეაბილიტაცია, დაიგება ხელოვნური საფარი, განთავსდება ტრიბუნები, დამონტაჟდება განათება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გლობალსტანდარტმშენი“ განახორციელებს.
გარდამავალი პროექტი წელს დაიწყება და 2023 წლის ზაფხულში დასრულდება.
პროექტის განხორციელების შემდეგ სავარჯიშო-საშეჯიბრო პირობები შეიქმნება ასაკობრივი ჯგუფებისთვის, რომლებიც სხვადასხვა რესპუბლიკურ ჩემპიონატებზე წარმატებებით ასპარეზობენ.
სათადარიგო მოედნის რეაბილიტაციის პროექტს მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე ადგილზე გაეცნო.
„2022 წელს სამტრედიაში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით 20-მდე სპორტულ-ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ, 10 ლოკაციაზე მოეწყო სატრენაჟორო სივრცეები, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით, ქალაქის ტერიტორიაზე სამი სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.
ადგილობრივი ბიუჯეტით რეაბილიტირდა საკალათბურთო მოედანი და საჩოგბურთო კორტები,ორივე ლოკაციაზე მოეწყო კაუჩუკის საფარი.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს გალაქტიონის ქუჩაზე საკალათბურთო მოედნის და ეროსი მანჯგალაძის სახელობის სამტრედიის ცენტრალურ სტადიონზე მდებარე დახურული დარბაზის სრული რეაბილიტაცია. წლის ბოლოს ამავე ტერიტორიაზე საქართველოს სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით ვიწყებთ სათადარიგო მოედნის რეაბილიტაციის პროექტს.
გარდა სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა სამტრედიაში გვაქვს კარგი შედეგები სპორტის სხვადასხვა სახეობებში, მათ შორის ნორჩი ფეხბურთელები წარმატებით ასპარეზობენ სხვადასხვა ტურნირებზე, რაც შეეხება საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას, გუნდი „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ გადასასვლელად იბრძვის, კლუბი პლეი-ოფის თამაშს 7 დეკემბერს სამტრედიის ცენტრალურ სტადიონზე ბოლნისის სიონთან გამართავს.
მოვუწოდებ სამტრედიელებს დაესწრონ თამაშს, რათა ერთად ვუგულშემატკივროთ ადგილობრივ კლუბს“, – განაცხადა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა.