ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტრომობილო გზების დეპარტამენტმა, ბაკურციხე-წნორის შემოვლითი 16.6 კმ-იანი გზის მშენებლობა დაიწყო.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული მონაკვეთი, კახეთის ერთ-ერთი ძირითადი გზის (თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის) ნაწილია, რომელიც მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა. ახალი გზა გვერდს აუვლის მჭიდროდ დასახლებულ წნორსა და 6 მიმდებარე სოფელს (ბაკურციხეს, კარდენახს, ანაგს, ვაქირს, მაშნაარს და საქობოს).
შესაბამისად, ბაკურციხე-წნორის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს საჭიროების გარეშე აღარ მოუწევს წნორში და მიმდებარე სოფელში გავლა. ის სატრანსპორტო ნაკადები, რომელიც გადაადგილდებოდა წნორის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს წნორის შემოვლით გზაზე, რაც ეკოლოგიური და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ახალი შემოვლითი გზა ალაზნის ველის მხარეს აშენდება და თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვრის საერთაშორისო გზას არსებულ შიდასახელმწიფოებრივ გზასთან დააკავშირებს. ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის პროექტი 2-ზოლიანი, ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის და 6 ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 87.8 მილიონ ლარს . ‘