„ამერიკელი კონგრესმენების წერილი საქართველოს სერიოზული მხარდაჭერაა“

ამერიკელი კონგრესმენების წერილი ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით, ახალი ხელისუფლების, საქართველოს სერიოზული მხარდაჭერაა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ითქვა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა, შემდეგი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო სამოქმედო MAP-ი. გავიდა 6 წელი და საქართველოს დღეს აქვს ორი ძალიან ქმედითი ინსტრუმენტი ნატო-ში ინტეგრაციისთვის. ეს არის წლიური ეროვნული გეგმა და ნატო-საქართველოს კომისია. “ნატო-საქართველოს კომისიის ბოლო სხდომაზე იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ამ კომისიის სხდომამ დიდი წარმატებით ჩაიარა. მიუნხენში ჩვენ გვქონდა შეხვედრა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ამ შეხვედრის შემდეგ ძალიან მალე საქართველოს მხარდამჭერი წერილის გამოქვეყნება მიგვაჩნია ახალი ხელისუფლების, საქართველოს ძალიან სერიოზულ მხარდაჭერად,” – აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მხარდაჭერა საქართველოოს ნატო-ში ინტეგრაციას შესახებ არის მნიშვნელოვანი სიგნალი. “ჩვენ ახლაც არ ვაკონკრეტებთ ამას, მაგრამ ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ძალიან სოლიდური შემადგენლობა მხარს უჭერს საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას ნატო-ში, არის ჩვენთვის ძალიან დიდი მხარდაჭერა, მნიშვნელოვანი სიგნალი. ჩვენ ამაყი და კმაყოფილი ვართ, რომ ეს ხდება სწორედ ახლა”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მოლოდინი ბრიტანეთში სექტემბერში, ნატო-ს სამიტზე გამართლდება. შეგახსენებთ, რომ 42 ამერიკელმა კონგრესმენი ნატო-ს გაფართოების პერსპექტივას და საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას მხარს უჭერს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები