ყალბი დოკუმენტებით სახელმწიფოს მიწის ნაკვეთების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 9 პირი დააკავეს, მათ შორის – 3 სახელმწიფო მოხელე

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მოტყუებით დაუფლების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტებზე 9 პირი დააკავეს, მათ შორის – 2 ყოფილი, 1 კი მოქმედი მოხელეა.

უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მოტყუებით დაუფლების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 9 პირი მისცეს, რომელთაგანაც 2 ყოფილი, ერთი კი მოქმედი მოხელე იყო,

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თითქოსდა მიწის რეფორმის ფარგლებში გაცემული მიწის ნაკვეთების ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, იმერეთის რეგიონში, 2017 წელს მოტყუებით დაირეგისტრირეს 17 650 კვადრატული მეტრი ფართობის სახელმწიფოს კუთვნილი ჯამში 11 მიწის ნაკვეთი.

ასევე დადგენილ იქნა, რომ პასუხისგებაში მიცემული სახელმწიფო მოხელეების მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვან შესრულებას.
გამოძიების პროცესში მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები დაყადაღებულ იქნა. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 180-ე, 332-ე, 341-ე და 342-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები