თბილისის საქალაქო სასამართლოში მშობლების მკვლელობაში ბრალდებულის, გიორგი ბეროზაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მოწმეები იკითხებიან.
მოწმის სახით დაიკითხა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – კახა მურადაშვილი. როგორც მან პროცესზე განაცხადა, მშობლების მკვლელობაში ბრალდებულმა გამოძიების ეტაპზე დანაშაული დეტალურად აღიარა.
“მას გავესაუბრე, დეტალებს ამბობდა კონკრეტული დანაშაულის შესახებ. პატაკით მივმართე ხელმძღვანელს, რომ მის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედება განხორციელებულიყო ჩემი მონაწილეობით, რათა ეს ინფორმაცია დაფიქსირებულიყო. ის უარზე იყო, მოწმის სახით ჩვენება მიეცა. განხორციელდა ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, მას გავესაუბრე, დეტალურად აღწერა მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, რაც შესაბამისი ტექნიკური საშუალებით ჩაწერილია. დეტალურად აღწერდა ყველაფერს, როგორ მოკლა ჯერ მამა, მერე დედა და როგორ ცდილობდა ალიბის შექმნას”, – განაცხადა მურადაშვილმა.
ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, 27 აპრილს ვაზისუბანში 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა კონფლიქტის ნიადაგზე მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა.