თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დაკავებულ ცხრავე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ ცოტა ხნის წინ მიიღო, რითაც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ბრალდების მხარე შუამდგომლობის სახით ცხრავე ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა, ადვოკატები კი ბრალდებულების სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას, ან ალტერნატივის სახით გირაოს გამოყენებას.
ცნობისთვის, 9 პირი პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე 18 ოქტომბერს დააკავა. პროკურატურამ მათ ბრალი ოფიციალურად გუშინ, 19 ოქტომბერს წარუდგინა.
დაკავებულებს შორის არიან მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე და კომპანია “გრინსერვის პლუსის” დირექტორი, წარსულში ნასამართლევი ლაშა ფურცხვანიძე.