წყალტუბოში რძლის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
წყალტუბოში რძლის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და მამაკაცი პატიმრობაში დატოვა.
აღსანიშნავია, რომ ბრალდებას არ ეთანხმება დაკავებულის ოჯახი და აცხადებს, რომ დანაშაული დაზარალებულების ადვოკატის მხრიდან იყო პროვოცირებული.
შეგახსენებთ, რომ დაჭრის ფაქტი წყალტუბოს რაიონის სოფელ საყულიაში 18 ოქტომბერს მოხდა. ბრალდებულმა დისკრიმინაციული შეუწყნარებლობის მოტივით, ქალისადმი სტერეოტიპული შეხედულებების გამო, რძალს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით, დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.
გამოძიება მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 19-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებს (გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობა განსაკუთრებული სისასტიკით) ედავება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.