ადვოკატი: ლაშა ფურცხვანიძის შემთხვევაში არც ერთი წინაპირობა არ არსებობს საიმისოდ, რომ აღკვეთის ღონისძიება იყოს გამოყენებული

ლაშა ფურცხვანიძის შემთხვევაში არც ერთი წინაპირობა არ არსებობს საიმისოდ, რომ აღკვეთის ღონისძიება იყოს გამოყენებული, – ამის შესახებ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული კომპანია „გრინსერვის +“-ის ხელმძღვანელის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი 5 დღის განმავლობაში თანამშრომლობდა გამოძიებასთან და მისი მხრიდან არანაირი პრობლემა არ ყოფილა.

„თუ რაიმე საფრთხე არსებობდა, 5 დღე რას ელოდებოდა პროკურატურა და მისცა ბრალდებულს საშუალება, რომ თავისუფლებაზე ყოფილიყო. ფურცხვანიძე დღევანდელი მდგომარეობით კომპანიის დირექტორი აღარ არის, შესაბამისად მისი მხრიდან რაიმე საფრთხე არ არსებობს, მის ინტერესშია მხოლოდ ობიექტური გამოძიება“, – განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები