ადვოკატი: პასუხისმგებლობას არავინ გაურბის, მაგრამ ნუგზარ ქიტიაშვილს და დავით თუშიშვილს ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან ბრალეულობა არ გააჩნიათ
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე „მშენ-ექსპერტი“-ის დაკავებული თანამშრომლების ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები წარდგენილი ბრალს არ აღიარებენ.
ადვოკატის თქმით, ბრალდებულების მიერ წარდგენილი დასკვნა კანონმდებლობასთან შესაბამისობაშია.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირები არ აღირებენ წარდგენილ ბრალს. მიაჩნიათ, რომ მათ მიერ წარდგენილი დასკვნა არის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში და მეორეს მხრივ აღნიშნული დასკვნა არ ეხება უსაფრთხოების სტანდარტებს და ხარისხს. თავისთავად, არავინ გაურბის პასუხისმგებლობას, მაგრამ მოცემული დოკუმენტებით და რეალობით, ნუგზარ ქიტიაშვილს და დავით თუშიშვილს არანაირი ბრალეულობა ტრაგიკულ შემთხვევასთან არ გააჩნიათ.
უსაფრთხოების სტანდარტები, ელექტრო სისტემის მოწესრიგება და ა.შ. უნდა შეამოწმოს შესაბამისი ლიცენზიის მქონე სპეციალისტმა. ის ექსპერტები, რომლებმაც დასკვნა გასცეს, კომპეტენტურები იყვნენ იმ ლიცენზიის ფარგლებში, რომელიც მათ გააჩნდათ.
დაკვეთა „გრინსერვის +“- სა და „მშენ-ექსპერტ“-ს შორის ამ საკითხზე არ ყოფილა. ხელშეკრულებაში ერთი სიტყვაც არ ყოფილა, რომ ექსპერტები ვალდებულები არიან შეამოწმონ შესრულებული სამუშაოს ხარისხი ან უსაფრთხოება. პირდაპირ წერია შესრულება დაკავშირებულია ხარჯაღრიცხვასთან“, – განაცხადა ადვოკატმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.