ფოთის მერი, ბექა ვაჭარაძე ძველ ქალაქებში ტურიზმის მდგრადი განვითარების ფორუმს დაესწრო
ქალაქ ფოთის მერი, ბექა ვაჭარაძე ძველ ქალაქებში ტურიზმის მდგრადი განვითარების ფორუმს დაესწრო, რომელიც ანტალიაში მურატფაშას მუნიციპალიტეტში ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ფორუმზე 27 ქვეყნის 52 უძველესი ქალაქის დელეგატი იყო მიწვეული.
ფორუმის მიზანი იყო, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას ერთმანეთისთვის გაეცნო ქალაქების ტურისტული პოტენციალი, კულტურა, ისტორია და მემკვიდრეობა.
,,ვიზიტმა მომცა შესაძლებლობა, ფართო აუდიტორიის წინაშე წარმედგინა ჩვენი ქალაქი, თავისი ისტორიით და სამომავლო გეგმებით, რაც ახალ შესაძლებლობებს იძლევა ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის ამაღლების კუთხით”, – განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.
მურატფაშას მუნიციპალიტეტმა ძველი ქალაქების საერთაშორისო ფესტივალს წელს მეშვიდედ უმასპინძლა.