ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულების, „გრინსერვის +“-ის ხელმძღვანელის ლაშა ფურცხვანიძის, „გრინსერვის +“-ის თანამშრომლის დევი კახოიძის და შპს „გრინსერვის +“-ის საქმის მწარმოებლის ბექა მირღვლიანის ადვოკატი მამუკა ბლიაძე აცხადებს, რომ ბრალდება აბსურდულია.
ადვოკატის თქმით, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არის.
„შევხვდი სამივე პიროვნებას, ვისაც მე ვიცავ. ბრალდება არის აბსურდი, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არის. ლაშა ფურცხვანიძეს ჩვენება მიცემული აქვს, ასევე გამოკითხული არის ბექა მირღვლიანი. ჩვენება მიცემული არ აქვს მხოლოდ დევი კახოიძეს.
ბრალის ფორმულირებას ამჟამად არ ვიცნობ, იზოლატორში გავიგებ ყველაფერს. ამჟამად, უნდა გადაიყვანონ დროებითი მოთავსების იზოლატორში და სავარაუდოდ, იქ წაუყენებენ ბრალს“, – განაცხადა ბლიაძემ.
ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შსს-მ 9 პირი დააკავა. დაკავებულებს შორის არიან „გრინსერვის +“- ის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე, „მშენ ექსპერტ სერვისის“ ინსპექტორი დავით თუშიშვილი და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები.
შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში, ბურთის ამოსატანად ჩასულ სამ ბავშვს დენმა დაარტყა. 13 წლის მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.