“მე პასუხისმგებლობა უკვე მაქვს ღმერთისგან სიცოცხლის ბოლომდე” – რას ამბობს, „გრინსერვის პლუსის“ დირექტორი, რომელიც პოლიციაში კიდევ ერთხელ გამოკითხეს
ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, „გრინსერვის პლუსის“ დირექტორი – ლაშა ფურცხვანიძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში კიდევ ერთხელ გამოკითხეს.
როგორც მან გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და, სავარაუდოდ, გამოკითხვაზე კიდევ დაიბარებენ.
მისივე თქმით, მომხდარის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
„ელექტრობა შემოწმებული იყო, დაინსტალირების დროსაც და შემდეგაც. დამატებითი კონკრეტული კითხვები ჰკითხეთ გამოძიებას. გამოძიებამ უნდა გასცეს.
მე პასუხისმგებლობა უკვე მაქვს ღმერთისგან სიცოცხლის ბოლომდე. აწი რა პასუხისმგებლობა იქნება, ამ ეტაპზე ნამდვილად არ მაინტერესებს“, – განაცხადა ლაშა ფურცხვანიძემ.
ჟურნალისტებმა ლაშა ფურცხვანიძეს კითხვა დაუსვეს, თუ რატომ იყო დამონტაჟებული წყალში 220- ვოლტიანი კვების ბლოკი, რაზეც ფურცხვანიძემ უპასუხა, რომ მსგავსი სისტემა ყველა შადრევანშია დამონტაჟებული.
„ყველგან არის, რიყის შადრევანშიც. მიდით და გადაიღეთ, იტალიელი სპეციალისტების მოწყობილია. იყო ერთიანი გამანაწილებელი სისტემა, მიდით რიყის შადრევანზე და გადაიღეთ“, – თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. სამივე დაშავებული კლინიკებში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა. ორი არასრულწლოვანი კლინიკებიდან უკვე გაწერეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.